რექტორის გვერდი

ქალბატონებო და ბატონებო
კოლეგებო, მომავალო კოლეგებო!


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - უმაღლესი სამედიცინო განათლების ძირითადი კერაა საქართველოში, რომელსაც განვითარების ასწლოვანი ისტორია აქვს. ასეთივე ხანდაზმულობისაა უმაღლესი სამედიცინო განათლებაც ჩვენს ქვეყანაში.   საამაყოა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ათასობით კურსდამთავრებული, სადღეისოდ, ბევრ წამყვან კლინიკას და დაწესებულებას ამშვენებს საქართველოში, ევროპასა და  მთელ მსოფლიოში.
დიდი და საპატიოა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის როლი და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის საქმეში. ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს მისი საქმიანობის განმსაზღვრელი ძირითადი პრინციპებით, რაც გახლავთ:
ცოდნისა და კვლევების აკადემიური ხარისხი;
დემოკრატიულობა;
მართვის  ორგანოების  არჩევითობა  და გამჭვირვალობა;
აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება.
2018 წელს უნივერსიტეტმა წარმატებით და უპირობოდ გაიარა ავტორიზაცია. სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) გადაწყვეტილების თანახმად, 2023 წლიდან ევროატლანტიკურ სივრცეში აღიარებული იქნება მხოლოდ იმ უნივერსიტეტის დიპლომი, რომლის მედიცინის პროგრამები საერთაშორისო აკრედიტაციას გაივლის. ახლა სწორედ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის ვემზადებით.
დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებული მიმდინარეობა სამედიცინო უნივერსიტეტს მიმზიდველს ხდის არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებისთვის. 
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის სრულუფლებიანი წევრია, რაც ნიშნავს მის აქტიურ როლს ამ საგანმანათლებლო სისტემის ფუნქციობაში, განვითარების მიმართულებების განსაზღვრასა და მათ რეალიზებაში, თავისუფალი და მჭიდრო სამეცნიერო და სასწავლო კონტაქტების ჩამოყალიბებაში უცხოეთის სასწავლო, სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებთან.
დიდი აღიარებაა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019 წლის 23 მაისს დაფუძნდა სამედიცინო განათლების ევროპული ასოციაციის - AMEE-ის (ამჟამად ეს ასოციაცია გაფართოვდა, მასში გაწევრიანდა მსოფლიოს 110 ქვეყანა და საერთაშორისო ასოციაციის სტატუსი მიიღო) წარმომადგენლობა საქართველოში, AMEE-ის საერთაშორისო თანამშრომლობის მსოფლიოში მესამე ცენტრი, რაც არა მხოლოდ თსსუ-ის, არამედ ქვეყნის წარმატებაა: საქართველო სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი გახდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გზაზე. საქართველოში AMEE-ის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ძირითადი მიზანი იქნება სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიების გაზიარება, თემატური ტრენინგების ჩატარება რეგიონის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის, სამედიცინო განათლების ექსპერტების და სხვა დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარების დასტურია ის, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მიმზიდველია დღეს უკვე მსოფლიოს 81 ქვეყნის 3000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ყოველი მესამე სტუდენტი საერთაშორისო სტუდენტია.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრატეგიული ამოცანაა სწავლის ხარისხის მუდმივი განვითარება, თსსუ-ის რეპუტაციის შენარჩუნება, რო¬გორც ეროვნული და WFME სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების ტრადიციულად გამორჩეული ცენტრისა, როგორც საქართველოში, ისე - საერთაშორისო არენაზე. 
სამედიცინო განათლების მაღალი სტანდარტების რეალიზება სამედიცინო უნივერსიტეტში ტრადიციული საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებით განვითარებას  უზრუნველყოფს;  ჩვენს  უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა, საკუთარი მრავალწლიანი აკადემიური გამოცდილება და მედიცინაში თანამედროვე გამოწვევების ღირსეულად  დაძლევის  ამოცანა  თამამი,  ინოვაციური ნაბიჯების გადადგმისკენ  გვიბიძგებს. 
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში წლებია ფუნქციობს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები:   
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, რომელიც ემორის (ატლანტა, აშშ) უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება;
საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა, სადაც ჩვენი პარტნიორია გრენობლის მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემია UniMan  (საფრანგეთი). პროგრამის დასრულების შემდეგ ორი - ქართული და ფრანგული - დიპლომი გაიცემა; ასევე, UniMan-თან (საფრანგეთი) თანამშრომლობით შექმნილია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა.
ტიროლის კლინიკების გაერთიანების დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრის - AZW (ავსტრია) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამა ექთნებისთვის, რომელიც ქართველ ექთნებს საშუალებას აძლევს ევროპული სტანდარტების შესაბამისად დაეუფლონ პროფესიას, სტაჟირება გაიარონ და საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ ავსტრიის კლინიკებში. 
ამჟამად თსსუ-ის პარტნიორია 120-ზე მეტი უნივერსიტეტი  და საუნივერსიტეტო კლინიკა მსოფლიოს  30-ზე მეტი ქვეყნიდან; მათთან თანამშრომლობა რეგულირდება ორმხრივი  ხელშეკრულებებით  და/ან   ერთობლივი  საერთაშორისო პროექტებით (ERASMUS +, HORIZON, MEVLANA და სხვა). ყოველწლიურად ჩვენი უნივერსიტეტის 600-ზე მეტი სტუდენტი, რეზიდენტი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, მეცნიერი, ექიმი, ექთანი მონაწილეობს მოკლე და გრძელვადიანი საერთაშორისო მობილობის პროგრამებში. სტაჟირებისა და ჩვენი მიღწევების გაზიარების მიზნით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხშირია პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორებისა და სტუდენტების ვიზიტები.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას მასწავლებელზე ორიენტირებული სისტემის საპირისპიროდ (რომელიც დროზე არაა დამოკიდებული და აპრიორი ემყარება დაშვებას, რომ პროფესორმა იცის, რა უნდა ასწავლოს სტუდენტს). სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევს კურიკულუმის დაგეგმვას, იგი სასწავლო პროგრამის სტუდენტისთვის შესაბამისობაზეა ფოკუსირებული, გამომდინარე საზოგადოებაში მისი მომავალი სოციალური და პროფესიული როლიდან.
ამიტომაც, საკუთრივ საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების და, რაც მთავარია, განხორციელების ხარისხის ინდიკაციის ერთ-ერთი მექანიზმი სტუდენტების და კურსდამთავრებულების შეფასების კვლევა და შედეგების კრიტიკული ანალიზია. საამისოდ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში შემუშავებულია მრავალგვარი სამიზნე კითხვარი და კრიტერიუმი, რომელთა გამოყენებასა და ინტერპრეტაციაში, ხარისხის სამსახურთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტები. ეს ყოველივე განსაზღვრავს კურიკულუმის სწორად დაგეგმვას, მისი განხორციელების ეფექტურობის, შედეგების ობიექტური, გაზომვადი კრიტერიუმებით შესწავლის და შეფასების პროცესთა ჯაჭვის არსებობას.
ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეულ წევრს - აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციას, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს - ჰქონდა, აქვს და ექნება პროფესიული სრულყოფისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განვითარების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა.
თუ თქვენი არჩევანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური სივრცის წევრობაა, გარწმუნებთ, რომ ამ გადაწყვეტილების წარმატებით რეალიზების საქმეში დღეს, ხვალ და მუდამ, თავისი ცოდნით და ავტორიტეტით, თქვენ გვერდითაა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაცია, კურსდამთავრებულთა სახელოვანი კოჰორტა და სტუდენტობა.


 
პროფესორი  ზურაბ  ვადაჭკორია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი