სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი
მუზეუმის შესახებ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (შემდგომში- უნივერსიტეტის) ბიოლოგიის და პარაზიტოლოგიის კათედრაზე გასული საუკუნის 1940-იან წლებში, პროფესორ ვალერიან როსტომბეგოვის (1878-1965 წ.წ.) თაოსნობით, დაარსდა ,,ბიოლოგიური მუზეუმი“, რომელიც ერთადერთი იყო იმ დროს არსებულ სამედიცინო ინსტიტუტებს შორის.
მუზეუმს, თავის დროზე, საექსპოზიციო მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი გადმოეცა ყოფილი „კავკასიის მუზეუმიდან“, რომელიც ფუნქციობდა 1852-1919 წლებში და წარმოადგენდა მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერას საქართველოსა და მუზეუმის ახალი სიცოცხლე ამიერკავკასიაში.
აღსანიშნავია, რომ უკვე სამედიცინო ინსტიტუტში არსებულ მუზეუმს ძირითადად სასწავლო დატვირთვა ჰქონდა და დაარსების დღიდან აქტიურად ფუნქციობდა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მაგრამ,
1985 წელს, მეორე სასწავლო კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაზიანდა მუზეუმიც, განადგურდა ექსპონატების დიდი ნაწილი.
1997 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმდროინდელი სამედიცინო ბიოლოგიის, პარაზიტოლოგიის და ეკოლოგიის კათედრის გამგის, პროფესორ ელენე აბზიანიძის, ინიციატივითა და ძალისხმევით, მოხერხდა გადარჩენილი ექსპონატების აღდგენა და განახლება. 2015 წელს კი, შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, „ბიოლოგიური მუზეუმი“ დროებით დაიხურა.
უმნიშვნელოვანესია, რომ მიმდინარე, 2023 წელს, მოხდა მუზეუმის აღდგენა-რეაბილიტაცია, შეიცვალა მუზეუმის ფორმატი და კონცეფცია, შესაბამისად, შეიცვალა დასახელებაც და მას, „ბიოლოგიური მუზეუმის“ ნაცვლად, ეწოდა თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებული - „სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი“.
აღსანიშნავია, რომ „კავკასიის მუზეუმის“ მასალებიდან გადმოცემულ უნიკალურ ექსპონატთა უმეტესობა საუკუნეს ითვლის; აქ დღემდე ინახება პალეობიოლოგიური, ორნითოლოგიური, მამალოგიური, იქთიოლოგიური და ბოტანიკური ექსპონატები. აქ დაცულ პალეო-ბიოლოგიური ექსპონატებიდან აღსანიშნავია სილურული, კემბრიოული და იურიული პერიოდის მოლუსკების, ტროლობიტების, ამონიტებისა და გრაფტოლიტების უნიკალური გაქვავებული მასალები. მუზეუმში, ასევე, წარმოდგენილია ენტომოლოგიური ჰელმინთოლოგიური, მალაკოლოგიური, იქთიოლოგიური, ჰერპეტოლოგიური და ორნითოლოგიური ექსპონატების მდიდარი კოლექციები. მუზეუმში, აგრეთვე, მრავალრიცხოვანი მულაჟების სახით, წარმოდგენილია ანთროპოლოგიური მასალები; ყურადღებას იპყრობს ემბრიოლოგიური ექსპოზიცია ძუძუმწოვრების ჩანასახოვანი განვითარების ადრეული სტადიების ამსახველი ექსპონატები, ემბრიოლოგიური პათოლოგიების ამსახველი პრეპარატები (ანენცეფალია, ჰიდროცეფალია და სხვა).
კონცეფციის შეცვლიდან გამომდინარე, მუზეუმს დაემატა ინტერაქტიული კუთხე, სადაც მნახველებს, სურვილის შემთხვევაში, კონსულტანტის თანხლებით, შეეძლებათ სხვადასხვა ბიოლოგიური მასალისგან საკუთარი ხელით დნმ-ის გამოყოფა.