29 მარტი - ,,საქართველო თამბაქოს გარეშე"

29 მარტს 14:00 - 16:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტთან ერთად გეგმავს პრეს–კონფერენციას. პრეს–კონფერენცია ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესტიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში. (მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ.33, თბილისი.

პრეს-კონფერენციის ძირითადი თემაა თამბაქოს კონტროლის საკითხებზე მრავალსექტორული თანამშრომლობის გაძლიერება და პარლამენტში ინიცირებული თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტის მხარდაჭერა.

დღის წესრიგის საკითხებია:

პრეს-კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა დათბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის ხელმძღვანელი პირები, სტუდენტები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა და თამბაქოს კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი. პრეს-კონფერენციას დაესწრებიან გაეროს განვითარების პროგრამისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს მოხმარების ტვირთის შეფასების საერთაშორისო მისიის წარმომადგენლები.

მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარების გამო,დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად; დაახლოებით 600 000 ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი კი ე. წ. პასიური მწეველობაა. პასიური მწეველობით დაღუპულთა 31% ბავშვებზე, ხოლო 64% კი ქალებზე მოდის.

საქართველოში მწეველთა რაოდენობა ძალიან მაღალია. არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის (STEPS, 2010) მონაცემებით მწეველობის გავრცელება საქართველოს  მოზრდილ მოსახლეობის 30%-ს შეადგენდა, მწეველი იყო მამაკაცთა 55% და ქალთა 5%. 2016 წელს ჩატარებული იგივე კვლევის წინასწარი მონაცემებით სიტუაცია გაუარესდა - ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 33% ეწევა, თამბაქოს  მოიხმარს მამაკაცების 57% და ქალების 7% (STEPS, 2016). ახალგაზრდებში თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების შესახებ 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ (ESPAD 2015) აჩვენა, რომ 16 წლის ასაკის მოზარდების 18% რეგულარულად მოიხმარს თამბაქოს, ხოლო 2014 წელს ჩატარებული ახალგაზრდებში თამბაქოს გლობალური კვლევის (GYTS 2014)შედეგების მიხედვით 13-15 წლის ასაკის მოზარდების 7% თამბაქოს ამჟამინდელი მომხმარებლია. თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით საქართველოში ყოველწლიურად 9,000-დან 11,000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3,000 პასიური მოწევის მსხვერპლი და 300 ბავშვია (თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შესწავლა, 2011).

საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეა 2006 წლიდან; ამ ნაბიჯით ქვეყანამ აიღო საერთაშორისო ვალდებულება განეხორციელებინა კონვენციით ნაკისრი ყველა მოთხოვნა. ამ ვალდებულებებიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იქნა დანერგილი.

2013 წელს, თამბქოს მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის და ეკონომიკური ტვირთის შემსუბუქებისა და საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა თამბაქოს კონტროლის მრავალსექტორული სახელმწიფო კომისია. კომისიის მუშაობის მანძილზე შემუშავდა და მთავრობის მიერ დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. შემუშავებულიადა საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და კონვენციის მოთხოვნებს. მოსახლეობის, და განსაკუთრებით ახალგაზრდების, თამბაქოს მოხმარების პრევენციის მიზნით, გადახედილ იქნა თამბაქოზე არსებული გადასახადებისა და ფასის პოლიტიკა. ფინანსთა სამინისტრო რეგულარულად ახდენს თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების მატებას. დაავადებათა კონტროლისა და საზოგაოდოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ ჩატარდა მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური კვლევები და საინფორმაციო კამპანიები, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა თამბაქოსთვის თავის დანებების სერვისების ინფრასტრუქტურა, შეიქმნა თამბაქოსთვის თავის დანებების მობილური აპლიკაცია „თავს ვანებებ“, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი „QuitLine”, იქმნება ნიკოტინდამოკიდებულების მკურნალობის პილოტური ცენტრები; და ამ საკითხებზე მუშაობა კვლავ გრძელდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს თამბაქოს კონტროლის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ არასამათავრობო სექტორთან, მიმდინარეობს ერთობლივი სამუშაოები სამედიცინო პერსონალის და მედიის წარმომადგენლების ტრენინგების და თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დარღვევების მონიტორინგის კუთხით. გაძლიერებულია პროფესიულ ასოციაციებთან თანამშრომლობა ეროვნული სტრატეგიებისა და სამედიცინო გაიდლაინების შემუშავების საკითხში. მაღალი დონის მხარდაჭერაა მოპოვებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისისა და გაეროს ქვეყნის გუნდის მხრიდან. მნიშვნელოვანი ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერაა ასევე უზრუნველყოფილი ისეთი წამყავანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების საწინააღმდეგო კავშირი (The Union), ბლუმბერგ ფილანტროპი (Bloomberg Philanthropies), თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვები (Tobacco-free Kids) და ა.შ.

მიუხედავად თამბაქოს წინააღმდეგ დაწყებული ინტენსიური ბრძოლისა, საქართველოში თამბაქოს მოხმარების შემცირებას ჯერ-ჯერობით ადგილი არ ჰქონია; პირიქით, შეიმჩნევა მატების ტენდენცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და ქალებში.

უკიდურესად მნიშვნელოვნია თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის დროული დამტკიცება და მათი დანერგვა, რათა თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერება მოხდეს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.