23 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE-ს) რეგიონული წარმომადგენლობის - საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და სხვა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ. ცერემონიალს, ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, დეკანები, პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ტრენინგის მონაწილეებიც დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ იმ უნივერსიტეტების რექტორები, სადაც ფუნქციონირებს მედიცინის ფაკულტეტი.
ღონისძიება ოფიციალურად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გახსნა. მან ისაუბრა წარმომადგენლობის დაფუძნების მნიშვნელობაზე, როგორც საქართველოსთვის ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის და აღნიშნა, რომ მისი ამოქმედება თსსუ-ში უნივერსიტეტის საერთაშორისო ავტორიტეტსა და აღიარებაზე მეტყველებს.
"ეს არა მხოლოდ თსსუ-ის, არამედ მთლიანად ქვეყნის წარმატებაა: საქართველო სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი გახდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გზაზე. დღემდე მსოფლიოში AMEE-ს მხოლოდ 2 რეგიონული წარმომადგენლობა აქვს გახსნილი. მესამე ოფისი, უკვე საქართველოში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში- საქართველოს და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნების უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებს გაუწევს კოორდინაციას სამედიცინო გაანათლების სტანდარტების დამკვიდრებაში . მესამე წარმომადგენლობის ამოქმედება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მის საერთაშორისო ავტორიტეტსა და აღიარებაზე მეტყველებს. ამის საფუძველი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატებებია სამედიცინო განათლების მოდერნიზაციის, სწავლისა და სწავლების სფეროში, თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვაში, ასევე, ეფექტური მონაწილეობა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში" - განაცხადა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2000 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს AMEE-სთან და მასთან ერთად ახორციელებს ერთობლივ მასტერ-კლასებს სწავლების ახალი მეთოდების დასანერგად, ქმნის ერთობლივ ნაშრომებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგაში, მონაწილეობს ყოველწლიურ კონფერენციებსა და ვორქშოპებში. თსსუ, ასევე, მონაწილეობდა სამედიცინო განათლების თემატური ქსელის MEDINE-2-ის საქმიანობაში, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის ქვეყნებში ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესაბამისი სამედიცინო განათლების სტანდარტების შემუშავების მიზნით. ის, რომ თსსუ–ში განხორციელდა ევროკომისიის მიერ ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებული ტემპუსის პროექტი "დიპლომამდელი სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროგაერთიანების აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში", რომელიც მიზნად ისახავდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების ახალი მოდელის შემუშავებას და დანერგვას საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შეირჩა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის რეგიონულ ცენტრად.
AMEE-ს რეგიონული ცენტრის გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას სამედიცინო განათლების მსოფლიო ლიდერებთან, მათი გამოცდილების გაზიარებას და საქართველოში სწავლების, სწავლის და შეფასების თანამედროვე სტანდარტების ეფექტურ ამოქმედებას, უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგის კიდევ უფრო ამაღლებას. აღსანიშნავია, რომ თსსუ–ში ამჟამად 2300-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს მსოფლიოს 68 ქვეყნიდან; თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა მესამედზე მეტი – 38% უცხოელია.
მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში საქართველოსთვის ეს უკვე მეორე აღიარებაა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ჰაბად: თავდაპირველად, 2018 წლის ნოემბერში საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ მააკრედიტებელი სააგენტოს სტატუსი მიენიჭა, ახლა კი – უკვე AMEE-ს წარმომადგენლობა გაიხსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა სწორედ ამ აღიარებასთან დაკავშირებით ისაუბრა, ასევე, ხაზი გაუსვა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა, ასევე, ყურადღება გაამახვილა განათლებაზე, როგორც ეროვნულ იდეაზე. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რათა არსებობდეს მყარი გარანტიები, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა.
აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ,ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და AMEE-ს საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელმა, WHO-ს და WFME -ს კონსულტანტმა სამედიცინო განათლების საკითხებში- ტრევორ გიბსმა. ცერემონიალის დროს მოხდა AMEE-ს გენერალური მდივნის, პროფესორ რონალდ ჰარდენის ვიდეომიმართვის გაშუქება.
ღონისძიებაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციას შორის, საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის გახსნის თაობაზე.
საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ძირითადი მიზანი იქნება სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიების გაზიარება, თემატური ტრენინგების ჩატარება რეგიონის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის, სამედიცინო განათლების ექსპერტების და სხვა დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის.
პირველი 5-დღიანი კურსი დაიწყო 20 მაისიდან - „ძირითადი უნარები სამედიცინო განათლებაში" . ტრენინგს უძღვება AMEE-ს დირექტორატის წევრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) კონსულტანტი სამედიცინო განათლების საკითხებში, პროფესორი ტრევორ გიბსი. AMEE-ს ოთხი კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს მიენიჭებათ საერთაშორისოდ აღიარებული AMEE-ს სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
მომავალში დაგეგმილია სასწავლო კურსები შეფასების, სტუდენტთა ცოდნის შეფასების, სამეცნიერო კვლევის, აკადემიური პერსონალის სწავლების უნარების შეფასების, სამედიცინო განათლების მენეჯმენტის, სიმულაციის და კლინიკური სწავლების საკითხებზე. ქართულ ენაზე გამოიცემა AMEE-ს ჟურნალის "Medical Teacher" დაიჯესტი, სამედიცინო განათლების AMEE-ს სტანდარტები.