ძვირფასო სტუდენტებო!
თქვენ ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ ასევე ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული პროფესია აირჩიეთ. იყო ექიმი და საქმე გქონდეს ადამიანის სიცოცხლესთან ეს ყველაზე დიდი პროფესიული და ადამიანური პასუხისმგებლობაა! მინდა გახსოვდეთ, რომ თქვენი მიზანი პაციენტების და საზოგადოების ჯანმრთელობის და კეთილდღეობის გაუმჯობესებაა. მედიცინა ახალი აღმოჩენების უსასრულო მოგზაურობას ჰგავს, ამიტომ იყავით ცნობისმოყვარე, ეძიეთ ახალი ცოდნა და გაითავისეთ, რომ თქვენს მიერ არჩეული გზა აუცილებლად სწავლას სიცოცხლის ბოლომდე მოითხოვს.
ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ამ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო გზის გავლაში და თქვენთან ერთად ვიზეიმოთ თქვენი პროფესიული ზრდა და მიღწევები. ამ ყველაფერში კი ჩვენი მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, მაღალტექნოლოგიური სასწავლო-სამედიცინო აღჭურვილობა, ინტეგრირებული კურიკულუმი და სწავლების თანამედროვე მეთოდები დაგეხმარებათ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თქვენი პროფესიული ცხოვრება არ იქნება მხოლოდ თეორიული ცოდნის ათვისებაზე ორიენტირებული, არამედ იმ უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების გამომუშავებაშიც დაგეხმარებით, რომელიც თქვენს როგორც ემპათიურ, კომპეტენტურ და თანამედროვე პროფესიონალად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უკვე ერთ საუკუნეზე მეტია არის სამედიცინო განათლების, მეცნიერებისა და ჯანდაცვის წამყვანი დაწესებულება საქართველოში, რომელიც სამედიცინო განათლების ყველა საფეხურს - დიპლომამდელ, დიპლომისშემდგომ, სარეზიდენტო და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებს, უზრუნველყოფს. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში თქვენ საშუალება გექნებათ, გაიაროთ სტაჟირება ჩვენი უნივერსიტეტის კლინიკებში და თქვენს გვერდით მუდმივად იქნება პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი დონის აკადემიური პერსონალი.
ჩვენი მისია არის სამედიცინო განათლებაში სწავლების, კვლევის და პროფესიული მზადების გზით ახალი ცოდნის შექმნა და გავრცელება, ადამიანების სიცოცხლის ხარისხის ამაღლება, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებასა და განხორციელებაში წვლილის შეტანა და კურსდამთავრებულების ეროვნულ და საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში ჰარმონიული ინტეგრაციისათვის აუცილებელი ცოდნით და უნარებით აღჭურვა.
მჯერა, რომ ერთობლივი მონდომებით და მიზანსწრაფვით თანამედროვე მედიცინის კვალდაკვალ ვივლით და დარწმუნებული ვარ მომავალში თქვენთან ერთად ბევრ მიღწევას და სიხარულს გავიზიარებ!
პატივისცემით და კეთილი სურვილებით,
მედიცინის ფაკულტეტის დეკანი,
პროფესორი თინათინ ტყემალაძე