ძვირფასო მეგობრებო,
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი ჩვენს ქვეყანაში მაღალკვალიფიციური აკადემიური და საექიმო კადრის ზრდის ტრადიციული, პოპულარული და წარმატებული სამჭედლოა. ამის უტყუარი დასტურია ფაკულტეტის პროფესურის მაღალი პროფესიული და სამეცნიერო რეპუტაცია, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის მსურველი ახალგაზრდების რაოდენობის განუხრელი ზრდა, კურსდამთავრებულთა მაღალი რეიტინგი, პოტენციური დამსაქმებლების დიდი პროფესიული ინტერესი და მათდამი ნდობა.
სტომატოლოგიის ფაკულტეტი გამორჩეულია საამაყო ტრადიციებით. დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაში დეკლარირებული მიზნების, ამოცანებისა და სწავლის შედეგების მიღწევის მიზნით, პროგრამის კურიკულუმი აგებულია ე.წ. თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების თანმიმდევრული, პრერეკვიზიტული ჯაჭვის სახით. ამავე დროს, სტუდენტები აკადემიური პროცესის აქტიური მონაწილენი არიან, რამეთუ სწორედ ესაა სტუდენტზე ორიენტირებული სასაწავლო პროცესის განმსაზღვრელი არსი.
სტომატოლოგის ჩამოსაყალიბებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კლინიკურ ბაზებს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობდეს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ძლიერ და გამართულ კლინიკურ ბაზებზე. სწორედ ამის დასტურია მაღალპროფესიული კადრებით დაკომპლექტებული საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკები, სადაც სტუდენტები ფანტომებზე ითვისებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, მონაწილეობენ კლინიკური შემთხვევების განხილვაში, ესწრებიან ლექციებს, სემინარებს, პრაქტიკულ-ლაბორატორიულ მეცადინეობებს, ამუშავებენ რეფერატებს და პრეზენტაციებს; ჩართულნი არიან პრაქტიკულ მუშაობაში საუნივერსიტეტო კლინიკურ ბაზებზე; აქ მათ აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მიღებული ცოდნის განმტკიცების პარალელურად, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, ჩაერთონ პაციენტთა დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, სრულყონ პაციენტთან დამოკიდებულების და კომუნიკაციის უნარები.
უნივერსიტეტში სწავლისა და სწავლების პროცესის გამდიდრებამ ინოვაციური მეთოდოლოგიებით, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მიერ განხორციელებულმა ინიციატივებმა ევროპულ სამედიცინო განათლებასთან ჰარმონიზების მიმართულებით ძირეულად შეცვალა სტუდენტთა ცოდნის შეფასების კონცეფცია, სახელდობრ, შექმნა წანამძღვრები ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) დანერგვისათვის სტომატოლოგიის ფაკულტეტზე, კერძოდ, ოდონტოლოგიის დეპარტამენტში, სადაც OSCE 2009 წლიდან ტარდება.
სადაც ფასდება არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ სტუდენტის მიერ სწავლის პერიოდში ათვისებული პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, პირველად სტომატოლოგიის ფაკულტეტზე, დაინერგა ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა – OSCE სადაც ფასდება არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ სტუდენტის მიერ სწავლის პერიოდში ათვისებული პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სისტემატურად ჩამოდიან პროფესორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კითხულობენ ლექციებს.
ჩვენი მიზანია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, აღჭურვილი ღრმა თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარებით, რაც საექიმო საქმიანობაში მისი წარმატების საწინდარია.
ძვირფასო მეგობრებო, ვიმედოვნებთ, რომ ერთად გადავჭრით თანამედროვე სტომატოლოგიის აქტუალურ პრობლემებს.
პატივისცემით,
ფაკულტეტის დეკანი
პროფესორი ნანა ყიფიანი