1930 წლის სექტემბრიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დაარსების პირველი დღიდანვე, მის შემადგენლობაში შემავალ სამ ფაკულტეტს შორის ერთ-ერთი იყო სანიტარიულ-პროფილაქტიკური ფაკულტეტი სამი პროფილით – ეპიდემიოლოგიური, კომუნალური ჰიგიენისა და კვების ჰიგიენის.
1934 წლის სექტემბერში, ადმინისტრაციული ორგანოების განკარგულებით, სანიტარიულ-პროფილაქტიკური ფაკულტეტის პირველი ოთხი კურსი დაიხურა, სტუდენტები კი გადაიყვანეს სამკურნალო და პედიატრიული ფაკულტეტების შესაბამის კურსებზე. მათთვის მოეწყო სპეციალური დამატებითი მეცადინეობები იმ დისციპლინებში, რომელთა პროგრამა არ პასუხობდა სამკურნალო და პედიატრიული ფაკულტეტების მოთხოვნებს. სასწავლო პროგრამა ისე შეიცვალა, რომ, ზოგად საექიმო განათლებასთან ერთად, მომზადებულიყვნენ საკმარისად კვალიფიციური ზოგადსანიტარიული ექიმები. სანიტარიულ-პროფილაქტიკურ ფაკულტეტს ჰქონდა მხოლოდ ერთი გამოშვება – 1935 წლის ივნისში.
1937 წლის სექტემბერში კვლავ გაიხსნა სანიტარიულ-ჰიგიენური ფაკულტეტი, სამი კურსის შემადგენლობით. პირველ კურსზე სტუდენტები ჩაირიცხნენ კონკურსით, მეორე და მესამე კურსები კი დაკომპლექტდა სამკურნალო და პედიატრიული ფაკულტეტებიდან, აგრეთვე, სხვა ინსტიტუტებიდან გადმოსული სტუდენტებით. ამ ფაკულტეტის სასწავლო გეგმა გათვლილი იყო 5 წელზე.
1949-50 სასწავლო წლიდან სანიტარიულ-ჰიგიენურ ფაკულტეტზე სწავლების ხანგრძლივობა შეადგენდა 6 წელს.
1970 წლიდან ფაკულტეტზე დაინერგა სუბორდინატურა, ხოლო 1971 წლიდან – ინტერნატურა ერთწლიანი სპეციალიზაციის სახით.
ფაკულტეტის დეკანები სხვადასხვა პერიოდში იყვნენ პროფესორები: ნიკოლოზ დემეტრაძე, გურამ ტატიშვილი, მამია დგებუაძე, ვასილ კაციტაძე. 1973 წლიდან 1994 წლამდე ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა პროფესორი გივი კვანჭახაძე. 1994-1999 წწ. ფაკულტეტის დეკანი იყო პროფესორი ვადიმ სააკაძე, 1999-2005 წწ. _ პროფესორი დავით გელოვანი, 2005-2006 წწ. - პროფესორი ბიძინა ზურაშვილი, 2006-2007 წწ. პროფესორი - მამუკა ჯიბუტი, 2007 წლიდან 2016 წლამდე ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა პროფესორი ბიძინა ზურაშვილი, 2016 წლიდან-2020 წ-მდე - პროფესორი ირაკლი მჭედლიშვილი, 2020 წლიდან დღემდე ფაკულტეტის დეკანია ასოცირებული პროფესორი მარინა ციმაკურიძე.
ფაკულტეტზე წლების განმავლობაში აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, როგორიც იყვნენ პროფესორები ვასილ კაციტაძე, ლევან საყვარელიძე, კონსტანტინე კაციტაძე, მელენტი ყურაშვილი, იოსებ შენგელია, ოთარ შალამბერიძე, მაყვალა ზურაბაშვილი, კლარა გელაშვილი, რევაზ კვერენჩხილაძე და სხვ.
1997 წლიდან ფაკულტეტზე შემოღებული იქნა სამეტაპიანი სწავლება: პირველი ეტაპი – ფუნდამენტური დისციპლინების სწავლება (I-II კურსი), მეორე ეტაპი – პროფილური ჰიგიენური და კლინიკური დისციპლინების სწავლება (II-IV კურსი) და მესამე – ზოგადპროფილური სპეციალიზაცია (VI კურსი), რომლის შემდეგ ტარდებოდა ერთიანი სახელმწიფო-სასერტიფიკაციო გამოცდა ჰიგიენაში, ეპიდემიოლოგიასა და პროფესიულ პათოლოგიაში. გამოსაშვები გამოცდის ჩაბარების შემდეგ ახალგაზრდა სპეციალისტს უფლება ეძლეოდა ემუშავა ზოგადი პრაქტიკის ექიმ-პროფილაქტიკოსად სამედიცინო პროფილაქტიკურ დაწესებულებაში ან გაეგრძელებინა სწავლა რეზიდენტურაში.
1998 წელს ფაკულტეტს შეეცვალა სახელი და, ნაცვლად სანიტარიულ-ჰიგიენურისა, ეწოდა პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი. 2002 წელს, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, ფაკულტეტს კვლავ შეეცვალა სახელი და ეწოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი.
ამჟამად ფაკულტეტი აერთიანებს ორ მიმართულებას (საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და პრევენციული მედიცინისა და გარემოს ჯანმრთელობის) და ხუთ დეპარტამენტს (საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის, ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის, ჯანმრთელობის ხელშეწყობის, კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოს და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტებს).
2007 წელს ფაკულტეტის შემადგენლობაში შეიქმნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლა, რომელიც დღესაც წარმატებით აგრძელებს საქმიანობას.
2012 წელს სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ძალისხმევით, ფაკულტეტზე ამოქმედდა მეორე საბაკალავრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“, რომელიც ხორციელდება ფრანგულ მხარესთან, მენეჯმენტის და აღსრულების აკადემიასთან „უნიმენი“ ერთად. 2015 წელს ეს საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულეს პირველმა კურსდამთავრებულებმა. მნიშვნელოვანია, რომ კურსდამთავრებულებს ეძლევათ ორი დიპლომი: ერთი ქართული მხარის მიერ აღიარებული, ხოლო მეორე - აღიარებული საფრანგეთის მხარის მიერ.
ამჟამად ფაკულტეტზე სამსაფეხურიანი სწავლებაა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). მოქმედ აკრედიტებულ სასწავლო პროგრამებში, დარგობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, განსაზღვრულია აუცილებელ პროფილურ და ელექტიურ დისციპლინათა ნუსხა, მათი მოცულობა.
ფაკულტეტის პედაგოგ-მასწავლებლებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის რიგი პრობლემების გადაჭრაში.
პროესორ ლევან საყვარელიძის ინიციატივით შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის ბაზაზე შეიქმნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმიანობას. პროფესორ კონსტანტინე კაციტაძის ხელმძღვანელობით საქართველოში მოხდა ისეთი მძიმე დაავადებების ლიკვიდაცია, როგორიცაა პარტახტიანი ტიფი, დიფტერია და სხვ. პროფესორ კლარა გელაშვილის ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა პროფილაქტიკური მედიცინის აკადემია, რომელიც დღესაც წარმატებით აგრძელებს საქმიანობას.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის პედაგოგიური პერსონალი და მოწვეული მასწავლებლები წარმატებით აგრძელებენ ტრადიციას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. პროფილურ დეპარტამენტებში ხდება ისეთი აქტუალური საკითხების დამუშავება, როგორიცაა გარემოს რადიაციული ფონის შესწავლა, გარემოში რადიონუკლიდების მიგრაციისა და ონკოლოგიურ სნეულებათა ეპიდემიოლოგია, სასმელი წყლისა და წყალმომარაგების ჰიგიენა, მაიონიზებელი გამოსხივების მცირე დოზების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე, ავიტამინოზები, წიაღისეული და სილიკატური მტვრის მოქმედების გავლენის კვლევა დასაქმებულთა ორგანიზმზე, პროფესიული ალერგოზების გავრცელება, კლინიკურ-იმუნოლოგიური თავისებურებები და პროფილაქტიკა, ვირუსული ჰეპატიტების ეპიდემიოლოგია საქართველოში, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ფიზიკურ განვითარებაზე სასწავლო პროცესის პირობების გავლენის შესწავლა. კვლევების შედეგების საფუძველზე სისტემატურად მუშავდება და პრაქტიკაში ინერგება პრევენციული ღონისძიებების კომპლექსები.