თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი მიზნები და სამოქმედო პრინციპები
(ხარისხის განვითარების პოლიტიკა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში)
ძირითადი პოსტულატები:
ხარისხი უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში - სასწავლო
პროცესისა და მისი შედეგების ინტეგრალური მახასიათებელი, რომელიც სასწავლო პროგრამების შინაარსით, პედაგოგთა კვალიფიკაციით, შესაბამისი რესურსის არსებობით და მისი ადეკვატური გამოყენებით განისაზღვრება;
ხარისხის უზრუნველყოფა - შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების, სწავლის და კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას;
სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში - საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომლის მიზანი პიროვნებისთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მისი საგანმანათლებლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების და განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნაა.
უნივერსიტეტი ავტონომიური აკადემიური დაწესებულებაა, რომელიც მოწოდებულია განსხვავებული ისტორიული მემკვიდრეობის, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პირობების გათვალისწინებით სხვადასხვაგვარად ორგანიზებულ სივრცეში სწავლებისა და კვლევის გზით შექმნას, შეამოწმოს, შეაფასოს და გაავრცელოს ცოდნა/კულტურა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) სრულად იზიარებს ხედვას უნივერსიტეტის დანიშნულების შესახებ საზოგადოების კულტურული, სოციალური და ეკონომიკური მომავლის განსაზღვრაში და მის როლს საზოგადოების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში. ეს კი ნიშნავს, რომ თსსუ-ში სწავლება, კვლევა და სამედიცინო/ფარმაცევტული საქმიანობა ურთიერთისგან განუყოფელია. წინააღმდეგ შემთხვევაში აკადემიური პროცესი ჩამორჩებოდა საზოგადოების სწრაფად პროგრესირებად მოთხოვნებს და სამეცნიერო ცოდნას, რაც, თავისთავად, რეგრესს გამოიწვევდა. ამავე დროს, კვლევისა და სწავლების თავისუფლება საუნივერსიტეტო ცხოვრების ფუნდამენტური პრინციპი და ერთ-ერთი ძირითადი აკადემიური ღირებულებაა.
კონცეფცია "სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში" (Life Long Learning - LLL) ევროპის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიის მთავარი ელემენტია. რეალურად, ეს ნიშნავს განათლების მიღების შანსს მთელი ცხოვრების მანძილზე ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების სრულყოფის მიზნით, პიროვნული, სამოქალაქო და სოციალური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით, დასაქმებითა და ანაზღაურების მიღების პერსპექტივით (!).
ამ სტრატეგიული, გრძელვადიანი ამოცანის შესრულებისას კი ყველა დაინტერესებული მხარის მოთხოვნების გათვალისწინებით დღის წესრიგში დგება სწავლების (ანუ სწავლების + კვლევის + სამედიცინო/ფარმაცევტული სერვისის) მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის საკითხი.
უმაღლესი განთლების ევროპულ სივრცეში, რომლის წევრიც არის თსსუ, ხარისხი არის ნდობის, რელევანტურობის, მობილობის, თავსებადობისა და კონკურენტუნარიანობის ძირითადი პირობა.
ამასთანავე, ხარისხის უზრუნველყოფა არ და ვერ დაეფუძნება რომელიმე ერთი, თუნდაც ძალიან კომპეტენტური სააგენტოს მიერ შემოღებულ საერთო სტანდარტს. ამ მხრივ ეფექტური და ადეკვატური იმგვარი მექანიზმებია, რომელთა საშუალებითაც ურთიერთმისაღები გახდება სხვადასხვა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის შედეგები. ერთ-ერთი ასეთი, ალბათ, ქვეყანაში ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესები და მათი განმახორციელებელი ორგანოა. სწორედ მას ძალუძს გაითვალისწინოს ეროვნული და დარგობრივი/დისციპლინური სხვაობანი და დაიცვას საუნივერსიტეტო განათლების პრესტიჟი.
ავტონომიური უნივერსიტეტებისათვის ხარისხის უზრუნველყოფა იყო, არის და იქნება მთავარი საკითხი, მეტიც - მისი მნიშვნელობა სულ უფრო გაიზრდება. ევროპაში საგანმანათლებლო სტრუქტურების ურთიერთშეწყობა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა გამჭვირვალობაზე და ნდობაზეა დაფუძნებული. ეს კი ნიშნავს, რომ:
- თსსუ-ის ავტონომია ქმნის და მოითხოვს უდიდეს პასუხისმგებლობას;
- უნივერსიტეტი პასუხისმგებელია სწავლების კვლევის და სამედიცინო/ფარმაცევტული საქმიანობის შიდა ხარისხის კულტურის განვითარებაზე,
- შიდა ხარისხის კულტურა და ეფექტური პროცედურები ხელს უნდა უწყობდეს ინტელექტურ, აკადემიურ და პროფესიულ მიღწევებს;
- ამ უკანასკნელისათვის მეტად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის ეფექტური ხელმძღვანელობა და სწორი მენეჯმენტი;
- სტუდენტები აქტიურად, მათი კომპეტენციის ფარგლებში, უნდა იყვნენ ჩართულნი ყველა სფეროში საკუთარი მოღვაწეობის შეფასების პროცესში;
- ხარისხის უზრუნველყოფის გარე პროცედურები უნივერსიტეტის აუდიტის მეშვეობით უნდა ამოწმებდეს შიდა მონიტორინგის ეფექტურობას.
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ინსტიტუციური ავტონომიურობის პრინციპების შესაბამისად, თსსუ-ში ხარისხის უზრუნველყოფაზე (უფრო სწორად - მის განვითარებაზე) მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ საკუთრივ მას (უნივერსიტეტს) ეკისრება. ეს რთული შიდასაუნივერსიტეტო ამოცანაა; იგი, ამავე დროს, აკადემიური სისტემის ფაქტობრივ ანგარიშვალდებულებასაც გულისხმობს ხარისხის ეროვნული სისტემის ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნული იძლევა საფუძველს თსსუ-ში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სტრატეგიული მიზნები ასე განისაზღვროს:
- სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება,
- სტრუქტურის ორგანიზაციული ხარისხის გაუმჯობესება,
- ინსტიტუციური ავტონომიის პატივისცემა,
- შიდა ხარისხის კულტურის განვითარება,
- ხარჯთეფექტურობის ხელშეწყობა,
- ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული სააგენტოს – ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება და ჩართულობა მათ შემუშავებაში,
- ბიუროკრატიის, ხარჯების და ზერეგულირების თავიდან აცილება.
თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სტრუქტურული და ფუნქციური რგოლია ადმინისტრაციულ იერარქიაში, რომელიც ხარისხის პოლიტიკის ზემოაღნიშნულ პრინციპებს ახორციელებს. იმდენად, რამდენადაც თსსუ-ში, ასე ვთქვათ, შიდადარგობრივი `აკადემიური სეგმენტი' და ძირითადი ორგანიზაციული ერთეული არის ფაკულტეტი, სწორედ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ძალუძს ხარისხის პოლიტიკის შეფასებისა და განსაზღვრისათვის საჭირო მონაცემთა ბაზის შექმნა და ინფორმაციის პირველადი დამუშავება. საუნივერსიტეტო სამსახური, ფლობს რა ხარისხის შიდა და გარე პროცედურების ინტეგრირების კომპეტენციას და რესურსს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, შეფასების რეალურ ინდიკატორებს და კრიტერიუმებს თსსუ-ში სწავლების და კვლევის რელევანტურობის უზრუნველყოფისთვის.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სრულად უნდა გაიზიაროს ხარისხის განვითარების ციკლური პარადიგმა - ცნობილი შოვჰარტის ციკლის (PDCA) სახელწოდებით:
დაგეგმე (Plan=P),
განახორციელე (Do=D),
შეამოწმე (Check=C),
იმოქმედე (Act=A).
ეს მოდელი ყველაზე მეტად შეესაბამება უნივერსიტეტში ხარისხის უწყვეტი განვითარების კონტექსტს: ციკლის ერთი ბრუნის დასრულება მეორეს, ახლის დაწყებას ნიშნავს და ა.შ.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დადგენილი/განსაზღვრული სამიზნე პოზიციები უნდა იყოს შემდეგი;
• საქმიანობის ასპექტები და ადრესატი-სტრუქტურები:
-საგანმანათლებლო (საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი განათლების, სადოქტორო) პროგრამები,
-პროგრამების განმახორციელებელი და განხორციელების უზრუნველმყოფელი სტრუქტურები,
-კვლევითი პროგრამები,
-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეგიდით გამოცემული სასწავლო და სამეცნიერო პროდუქცია;
• დაგეგმილი სამუშაოს განხორციელება თსსუ-ის წესდების, შინაგანაწესის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების შესაბამისად და შიდასამსახურებრივი (მათ შორის - აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული) კრიტერიუმებით და გეგმით;
• მიღებული შედეგების სარწმუნო ანალიზი და შიდასამსახურებრივი განხილვა, მათ შორის - ექსპერტთა აზრის გათვალისწინებით;
• ანალიზის შედეგად რეკომენდაციების/შენიშვნების/მოსაზრებების შემუშავება და წარდგენა სტრუქტურების, ფაკულტეტის და აკადემიური/ წარმომადგენლობითი საბჭოებისათვის. ამდენად, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, მმართველობის უმაღლეს კოლეგიურ ორგანოებს უნდა შესთავაზოს ობიექტურ მასალაზე დაყრდნობილი სარწმუნოდ გაანალიზებული ინფორმაცია და, უხშირესად, ასევე, რეკომენდაციები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას. თსსუ-ში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მექანიზმებმა უნდა “მოიცვას” ხარისხის განვითარების ორი მოდელი:
• არსებული ვითარების შეფასება (პირველ რიგში - ფაკულტეტის დონეზე),
• შეფასების საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება და შეთავაზება მდგომარეობის გაუჯობესებისათვის ან შენარჩუნებისათვის.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ქმედითად უნდა ითანამშრომლოს უნივერსიტეტის პრაქტიკულად ყველა აკადემიურ, ადმინისტრაციულ, დამხმარე რგოლთან და, რაც განსაკუთერებით მნიშვნელოვანია, სტუდენტებთან. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შემუშავებული კრიტერიუმები უნდა იყოს საჯარო და განთავსდეს თსსუ-ის ვებ-გვერდზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ნაწილში. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევის შედეგები და შეფასებები უნდა წარედგინოს სამიზნე აუდიტორიას, კოლეგიური პასუხისმგებლობის ორგანოებს, შინაარსის და საჭიროების მიხედვით - განთავსდეს ვებ-გვერდზე.
ამასთან, სასწავლო პროცესის შეფასება არ გულისხმობს პროცესის კონტროლს: მეცადინეობის ჩატარებისა და გაცდენის აღრიცხვა არ წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მოვალეობას, თუმცა, აკადემიური გარემოს შეფასების ასპექტში სასწავლო პროცესის მონიტორინგის ელემენტები ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ტაქტიკურ ამოცანებს ემთხვევა და ამდენად, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უნდა მონაწილეობდეს ამ სამუშაოშიც.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შეფასებითი და ანალიზური სამუშაოს რეკომენდებული პერიოდულობა ასეთი უნდა იყოს:
• საგანმანათლებლო პროგრამების - სასწავლო წელიწადში ერთხელ,
• სტუდენტთა შეფასებისა - სემესტრში ერთხელ,
• კვლევითი/სადოქტორო პროგრამებისა - საჭიროებისამებრ,
• ბეჭდური სასწავლო და სამეცნიერო პროდუქციისა - საჭიროებისამებრ,
• სტუდენტების აკადემიური მოსწრებისა - სემესტრში ერთხელ.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შეფასების პროცესში გამოყენებულია შიდა და გარე შეფასების ფორმები. ორივე შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი. შემფასებლის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი მისი დარგობრივი (ზოგჯერ - ზოგადი/ზოგადიც) კომპეტენციაა, კერძოდ:
• რეპუტაცია და დარგობრივი კომპეტენცია,
• საერთაშორისო გამოცდილება (სასურველია),
• შეფასებითი მუშაობის გამოცდილება,
• ერთობლივი პუბლიკაციების არარსებობა.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა მოამზადოს ანგარიშები უნივერსიტეტის გეგმიური თვითშეფასების, ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციისათვის (სათანადო კრიტერიუმებისა და ინდიკატორების მიხედვით), მონაწილეობდეს სტუდენტთა მობილობის პროცესში, თანამშრომლობდეს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან.
თსსუ-ში ხარისხის განვითარებაში მონაწილეობს `ხარისხის შემფასებელი' ('შემფასებელი') და 'ხარისხის უზრუნველყოფის ობიექტი' (`ობიექტი').
`შემფასებელი' თსსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტებია (იხ., ასევე, ქვემოთ), რომელთა საქმიანობის ორგანიზაციულ, სამართლებრივ, ეკონომიკურ და სხვა ასპექტებს ადმინისტრაციული რგოლი უზრუნველყოფს.
`ობიექტი', უპირველესად, საგანმანათლებლო პროგრამები, მათი კომპონენტების/დონეების და რესურსების ერთობლიობაა (კურიკულუმი - კურსი - მოდული - სილაბუსი - ...); სხვაგვარად, 'ობიექტი' ამ ერთობლიობის და მისი შემადგენელი ელემენტების მიზნების, ამოცანების, შინაარსის, მოცულობის, ცოდნის და უნარ-ჩვევების ხარისხის შეფასების კრიტერიუმების და სისტემის, აკადემიური პროცესის ორგანიზების თავისებურებების, მეთოდური/მეთოდოლოგიური და მატერიალურ-ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის ობიექტური ინდიკატორების კომპლექსური შეფასებაა, რაც სათანადო აკადემიური ხარისხის, პროგრამ(ებ)ით დეკლარირებული სწავლის შედეგების მოპოვების პირობას წარმოადგენს.
`შემფასებელი' თსსუ-ის სტუდენტიცაა, რომელიც საუნივერსიტეტო ერთობის აქტიური წევრია და მისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სასწავლო პროცესში მისი ჩართულობის და მიღწეული შედეგების შეფასებაში/თვით-შეფასებაში. სტუდენტის მიერ სასურველი აკადემიური ხარისხის, ცონისა და უნარების, ანუ - კვალიფიკაციის მოპოვება მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის (თუნდაც - იდეალურთან მიახლოებულის) მხოლოდ პასიური ათვისებით მისი ცოდნის ვალიდობას შეამცირებს და მისი თავისუფლების ხარისხსაც შეზღუდავს.
ეს გარემოება, ასევე, გაზრდის სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის მიღწევის ტემპს. მასწავლებელზე ორიენტირებული პროგრამის საპირისპიროდ (რომელიც დროზე არაა დამოკიდებული და a priori ემყარება დაშვებას, რომ პროფესორმა იცის, რა უნდა ასწავლოს სტუდენტს), სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევს კურიკულუმის დაგეგმვას, იგი სასწავლო პროგრამის სტუდენტისთვის ვარგისიანობაზეა ფოკუსირებული - საზოგადოებაში მისი მომავალი სოციალური და პროფესიული როლიდან გამომდინარე.
საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი უმაღლესი განათლების დიპლომის შემდგომ ეტაპზე სწორედ კურსდამთავრებულის კვალიფიკაცია, კომპეტენცია და მის მიერ მიღებული ინტელექტურ-მეთოდური რესურსის (ცოდნის) რეალიზების შესაძლებლობა/პესპექტივა უნდა იყოს შრომის ბაზარზე.
ეს ბოლო ასპექტი კურიკულუმის სწორად დაგეგმვას, მისი ეფექტური განხორციელების, შედეგების ობიექტური, გაზომვადი კრიტერიუმებით შესწავლის და შეფასების პროცესთა ჯაჭვის განვითარებას განსაზღვრავს. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამ ჯაჭვის ყველა რგოლში მონაწილეობს, თუმცა - სხვადასხვა აქტივობით. ასევე, განსხვავებულია კვლევების სავალდებულოდ ჩართულობის ფორმატი ამ უწყვეტი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში.
აკადემიური პროცესი დინამიკური, მუდმივად განვითარებადი პროცესია; მასში ჩართული `სუბიექტების' - პედაგოგის და სტუდენტის - მუშაობის ხარისხს, ასევე, მუდმივი განვითარება ესაჭიროება, რაც `ობიექტის' (იხ.ზემოთ) პროგრესულობის გარანტიაა. `ობიექტი' სამი პარალელური, ურთიერთშეწყობილი პროცესისგან შედგება - სწავლება (სწავლა), კვლევა და სამედიცინო სერვისი, რომელთა კოორდინირების გარეშე პროგრესულობის მიღწევა მედიცინაში შეუძლებელია.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის როლი და ძირითადი ფუნქცია, ვფიქრობ, საგანმათლებლო პროცესის იმგვარი განვითარების ინდიკატორების შემუშავება და შეფასებაა, რომელსაც `სამმაგი სპირალის მოდელი' შეიძლება ეწოდოს. საკუთრივ სპირალი სხვადასხვა დონეზე (დიპლომამდელი, დიპლომის შემდგომი) განსხვავებული ხარისხით ურთიერთდაკავშირებული სასწავლო, კვლევითი და სამედიცინო/ფარმაცევტული აქტივობების ერთობლიობაა. სპირალური განვითარება კი გულისხმობს პროგრამების საგანმანათლებლო, კვლევითი და სამედიცინო/ფარმაცევტული შემადგენელი ელემენტების როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ ინტეგრაციას და კოორდინაციას.
`სპირალის' სანდოობის, გამჭვირვალობის, თვითშეფასებადობის და თვითრეგულირებადობის არსი და მიზანი თსსუ-ის მონაწილეობაა ევროპული კვლევის სივრცესა და ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარების პროცესში. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს აქვს ყველა რესურსი და მოწოდებული უნდა იყოს, რომ აკადემიურ ღირებულებებსა და აკადემიურ პროცესში დაიცვას ბალანსი ინოვაციასა და ტრადიციას, აკადემიურ დახელოვნებასა და სოციალურ-ეკონომიკურ რეალობას, მოქმედ კურიკულუმსა და სტუდენტთა არჩევანის თავისუფლებას შორის.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა ხელი შეუწყოს თსსუ-ში საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესების და სამედიცინო/ფარმაცევტული მომსახურების ისეთ განვითარებას, რომ თსსუ-მა დაიმსახუროს სტუდენტების, პარტნიორების და საზოგადოების აღიარება და ნდობა უპირველესად საქართველოში, ასევე, ევროპასა და მსოფლიოში.