2022 წლის 4-7 მაისს თბილისში, ასთმის მსოფლიო დღისა და ალერგიის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, იმუნოლოგთა საერთაშორისო კონგრესი გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია (საკია).
ღონისძიება მოიცავს რამდენიმე მიმართულებას:
ასთმისა და იმუნოლოგიის საქართველოს XI ეროვნული კონგრესი; ასთმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება VII ევროპული კონგრესი და I საერთაშორისო კონგრესი „კორონავირუსული ინფექცია“ (COVID-19); პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია.
ასევე, კონგრესის ფარგლებში გაიმართება "საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა: "მოლეკულური ალერგოლოგია და ვაქცინაცია".
აღსანიშნავია, რომ 4 მაისს, COVID- 19 სკოლის სიმპოზიუმი “მიკრობიომი, ვირობიომი და ქრონიკული დაავადებები” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება. 5-6 მაისს კონგრესს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია, ხოლო 7 მაისს კვლავ თსსუ უმასპინძლებს.
კონგრესის თანათავმჯდომარეა თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, რომელიც იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანების (IUIS) აღმასრულებელი კომიტეტის წევრია.
ოთხი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე ღონისძიება მოიცავს პლენარულ სესიებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, სკოლას. კონგრესის პროგრამა მოიცავს, როგორც მოლეკულური ალერგიის სკოლას, ასევე საკია-ს ერთობლივ სესიებს ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიასთან.
კონგრესზე განიხილება ალერგოლოგიასა და იმუნოლოგიაში ფუნდამენტური კვლევის უახლესი მიღწევები, ასევე იმუნოპათოლოგიური დაავადების კლინიკურ მართვაში უკანასკნელ წლებში დაგროვილი ახალი გამოცდილება.
ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერები, სპიკერები, რომლებიც წარმოაგენენ იმუნოლოგიური საზოგადოების საერთაშორისო კავშირს (IUIS), ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციას (WAO), ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპის აკადემიას (EAACI), იმუნოპათოლოგიის მსოფლიო ასოციაციას (WIPO), ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკის კოლეჯს (ACAAI), იმუნოლოგიურ საზოგადოებათა ევროპის ფედერაციას (EFIS), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პროგრამებს.