თსსუ ESCMID-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სასწავლო კურსს უმასპინძლებს

თსსუ ESCMID-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სასწავლო კურსს უმასპინძლებს

ფაგოთერაპია და ფაგური ცილები: ორმაგი სტრატეგიები ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ და დიაგნოსტიკური ინოვაციისთვის“ - ეს პოსტდიპლომური განათლების სამდღიანი კურსია, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მაისში უმასპინძლებს.

სასწავლო კურსმა, რომელიც თსსუ-ის პროფესორმა, ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების საზოგადოების ESCMID-ის ლოკალურმა ჩემპიონმა, თამარ დიდბარიძემ ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით 2025 წლის ივლისში შეიმუშავა, (ESCMID) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

კურსის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2026 წლის 11-13 მაისი. ღონისძიების გეგმის მიხედვით - პირველი დღე (11 მაისი) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება; მომდევნო ორი დღე (12-13 მაისი) დაეთმობა პრაქტიკულ და თეორიულ სამუშაოებს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში.

კურსს წარუძღვებიან როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი დარგის ექსპერტები შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, კანადა, ბელგია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, პორტუგალია, შვედეთი, ისრაელი.

კურსი აკრედიტებული იქნება უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭოს (EACCME ) მიერ.

სასწავლო კურსის სამიზნე აუდიტორიაა:

ინფექციური დაავადებების სპეციალისტები, კლინიკური მიკრობიოლოგები და ექიმები, რომლებიც მუშაობენ შინაგანი მედიცინის, ქირურგიის, დერმატოლოგიისა და მონათესავე დისციპლინების დარგში;

კლინიკური ფარმაცევტები და ფარმაკოლოგები, რომლებიც ჩართულნი არიან ანტიმიკრობულ თერაპიაში;

ბიოსამედიცინო მკვლევრები და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის პერსონალი, რომლებიც ჩართულნი არიან ბაქტერიოფაგების ან ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) კვლევებში;

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები და ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) პროგრამის მენეჯერები;

მედიცინის, მიკრობიოლოგიის, ბიოტექნოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასპირანტები და სტაჟორები.

პოსტდიპლომური განათლების სამდღიან კურსზე დასაწრებად რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს