თსსუ-ის რექტორის 2026 წლის პირველი
ივლისის N MES 026 0000833689 ბრძანებით განისაზღვრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2026–2027 სასწავლო წლის აკადემიური
კალენდარი.
ბრძანების შესაბამისად, შემოდგომის სემესტრი 2026 წლის 21 სექტემბერს
დაიწყება და 2027 წლის 27 თებერვალს დასრულდება. აღნიშნული ვადა ვრცელდება შესაბამის საბაკალავრო
და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე.
პროგრამების ნაწილისთვის
სასწავლო პროცესი მოგვიანებით დაიწყება: დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურ
და რუსულენოვან პროგრამებზე, ფარმაციისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის
ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე პირველი სემესტრი 5 ოქტომბერს
დაიწყება. ამავე დღეს დაიწყება სწავლა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ
პროგრამასა და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე.
რეგისტრაციის
მნიშვნელოვანი ვადები
საბაკალავრო და
ერთსაფეხურიანი პროგრამების სტუდენტთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 7 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით.
საბაკალავრო, სამაგისტრო
და ერთსაფეხურიანი პროგრამების სტუდენტთა შემოდგომის სემესტრული რეგისტრაცია 7 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე განხორციელდება.
სამაგისტრო პროგრამების
სტუდენტთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
უნივერსიტეტი სტუდენტებს
შეახსენებს, რომ სემესტრული რეგისტრაცია სავალდებულოა და მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ
რეგისტრაციას - სწავლის საფასურის გადახდას (გამონაკლისს
წარმოადგენენ პირველსემესტრელი სტუდენტები), ისე აკადემიურ რეგისტრაციას - სასწავლო კურსების/მოდულების
არჩევას. რეგისტრაცია
„სასწავლო პროცესის მართვის სისტემის“ საშუალებით ხორციელდება.
სტუდენტი, რომელიც
დადგენილ ვადაში სემესტრულ რეგისტრაციას არ გაივლის, სასწავლო პროცესზე არ
დაიშვება.
როდის არის საგამოცდო
სესია?
შემოდგომის სემესტრის
საგამოცდო სესია 2027 წლის 18 იანვრიდან 27 თებერვლამდე ჩატარდება, ხოლო დამამთავრებელი გამოცდები
15 თებერვლიდან დაიწყება.
გაზაფხულის სემესტრი 2027
წლის 1 მარტს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება. გაზაფხულის სემესტრის საგამოცდო სესია 14
ივნისიდან 20 ივლისამდე ჩატარდება, დამამთავრებელი გამოცდები კი 14 ივნისიდან დაიწყება.
გაზაფხულის სემესტრის
სტუდენტთა რეგისტრაცია 2027 წლის 22 თებერვლიდან 5 მარტამდე იქნება
შესაძლებელი.
როდის არის საახალწლო
არდადეგები?
თსსუ-ის სტუდენტებისთვის
საახალწლო-საშობაო არდადეგები 2026 წლის 28 დეკემბრიდან 2027 წლის 9
იანვრის ჩათვლით განისაზღვრა.
პირველსემესტრელთა საყურადღებოდ!
ერთიანი ეროვნული
გამოცდების შედეგების საფუძველზე თსსუ-ში სწავლის უფლების მოპოვების შემთხვევაში,
უნივერსიტეტში ჩარიცხვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა პირველადი
ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლაა.
რეგისტრაციისას სტუდენტმა
შესაბამისი ფაკულტეტის სამდივნოში უნდა წარადგინოს:
· განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ;
· სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი);
· პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
· ორი ფერადი ფოტო (3×4 სმ) და მისი ელექტრონული
ვერსია;
· ვაჟების
შემთხვევაში, სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
არასრულწლოვანი სტუდენტის შემთხვევაში უნივერსიტეტთან ხელშეკრულების
გაფორმება შეუძლია მშობელს ან წარმომადგენელს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით.
თსსუ მოუწოდებს
სტუდენტებს, დაიცვან დადგენილი ვადები და რეგისტრაცია დროულად გაიარონ!