19-20 მაისი, 2018 წელი ქორთიარდ მერიოტი, თბილისი www.tsmu.edu/hgh2018
2018 წლის 19-20 მაისს ჩატარდება კონფერენცია სახელწოდებით: “ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა - პირველი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში“ (“Human Genome and Health – First International Conference in Georgia”).
კონფერენცია მიზნად ისახავს გენეტიკის სფეროში მიმდინარე ტენდენციების და სიახლეების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას. თანამედროვე მოლეკულურ-გენეტიკური ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას სამედიცინო და საბუნებისმეტყველო სამეცნიერო დარგში მოღვაწე პროფესიონალებს შორის.
კონფერენციის თემატური მიმართულებებია: - სამედიცინო გენეტიკა - ეპიგენეტიკა - გენომიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა - სიბერის გენეტიკა - ღეროვანი უჯრედებით თერაპია - ეთიკური საკითხები
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი (www.tsmu.edu) და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება (www.geneticsgeorgia.org).
კონფერენცია ტარდება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ღონისძიების საგრანტო კონკურსის დაფინანსებით.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი ესპერტები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ლუვენის უნივერსიტეტი, ბელგია; კარდიფის
უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი; მეიოს კლინიკა, აშშ; სკრიპსის უნივერსიტეტი, აშშ; ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი; სტენფორდის უნივერსიტეტი, აშშ; რადბაუდის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები; ერევნის უნივერსიტეტი, სასომხეთი და ა.შ.
კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: - თანამედროვე სამედიცინო გენეტიკური ტესტების ჯანდაცვის სფეროში გამოყენებადანერგვასთან დაკავშირებულ პრობლემატიკა; - მოსახლეობის გენეტიკური სკრინინგის თემატიკა, კერძოდ კი რეცესიული დაავადებების მატერებლების სკრინინგი, ასევე, სამედიცინო გენეტიკური ტესტების შეფასების მეთოდი, რომელიც გენეტიკური ტესტების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესაფასებლად ჯანდაცვის სფეროში ხშირად გამოიყენება; - ეთიკური პრობლემები სამედიცინო გენეტიკაში, კერძოდ, სეკვენირების შედეგად მოულოდნელად მიღებული ინფორმაციის (incidental/secondary findings) მენეჯმენტის პრობლემები; - გენომური დიაგნოსტიკის როლი იშვიათი ქრომოსომული ანომალიების დასადგენად; - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იშვიათი გენეტიკური დაავადებების შეფასებაში; - საქართველოში მიმდინარე კვლევები, რომელიც შეეხება სიმსივნის გენეტიკას და ეპიგენეტიკას; - მემკვიდრული თრომბოფილია და პერსონალიზებული მედიცინა საქართველოში; - სპონტანური აბორტების გენეტიკური ფაქტორების როლი საქართველოში; - შემდგომი თაობის სეკვენირების აპლიკაციების როლი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოში; - ქრონიკული ტკივილის და ანთებითი დაავადებების ეპიგენეტიკური პროფილი და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები; - უჯრედული სიკვდილი და სიბერებასთან დაკავშირებული დაავადებები და პრეკლინიკური კვლევების ეფექტური ტრანსლაცია კლინიკურ პრაქტიკაში; - ღეროვანი უჯრედების კლინიკური პოტენციალი და სხვა.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ვორკშოფი: ხელოვნური ინტელექტის (Face2Gene) გამოყენება იშვიათი გენეტიკური დაავადებების დიაგნოზირებაში კლინიკურ პრაქტიკაში.
კონფერენციაზე გაიმართება დნმ-ის დღესთან დაკავშირებული ესეების კონკურსში მონაწილე გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიალი.