თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის (საკია) ორგანიზებით 5 მაისს იწყება ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XIV ეროვნული კონგრესი, ასთმისა და COPD-ის ევროპის X კონგრესი, IV საერთაშორისო კონგრესი „კორონავირუსული ინფექცია (COVID-19): პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია“. კონგრესი 4 დღის გამავლობაში გაგრძელდება და 8 მაისს დაიხურება.
ღონისძიება 2 ლოკაციაზე ტარდება: პირველი ნაწილი (5-6 მაისი) სასტუმრო ‘’რედისონში’’, მეორე ნაწილი (7-8 მაისი) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
კონგრესში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები, რომლებიც განიხილავენ ალერგიის, ასთმის, COPD-სა და კორონავირუსული ინფექციების პრევენციასა და მკურნალობის ინოვაციურ მიდგომებს.
კონგრესის მიზანია ექიმების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის ამერიკული, ევროპული და სხვა ქვეყნების მიღწევების და გამოცდილების გაზიარება, ასევე, უახლესი თანამედროვე კვლევის მეთოდების სწავლება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმვასა და შესრულებას.
კონგრესის დღის წესრიგის გათვალისწინებით, 5-6 მაისს ჩატარდება - საერთაშორისო ტრენინგ სკოლა:
ალერგოლოგიის ტრენინგ სკოლა, რომელიც ორგანიზებულია ალერგიის მსოფლიო ასოციაციის მიერ, პროფესორი დანა ვალასის (აშშ) ხელმძღვანელობით.
საერთაშორისო სკოლა - „იმუნიტეტი, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ფაგოთერაპია“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან (მიჩიგანის უნივერსიტეტი), ესტონეთიდან და გერმანიიდან.
7-8 მაისს - კონგრესი გაგრძელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. გაიმართება ახალგაზრდული სესიები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ასევე ჩატარადება სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების სიმპოზიუმები.
კონგრესის მხარდამჭერები არიან: ალერგიის მსოფლიო ორგანიზაცია, ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპის აკადემია, იმუნოპათოლოგიის მსოფლიო ასოციაცია, იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანება, ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკის კოლეჯი, ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკის აკადემია.