დნმ_ის დღე  და  ესეების კონკურსი 2021

დნმ_ის დღე და ესეების კონკურსი 2021

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება  (geneticsgeorgia.org) გიწვევთ ესეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

2021 წელს საქართველოში უკვე მეშვიდედ ჩატარდება ესეების  კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

25 აპრილი დნმ-ის საერთაშორისო დღეა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია, ადამიანის გენეტიკის ევროპისა  (eshg.org) და  და  ადამიანის გენეტიკის აშშ–ს  (ashg.org) საზოგადოებების ორგანიზებით მთელ მსოფლიოში ესეების კონკურსით აღინიშნება. 

კონკურსი ემსახურება  ცოდნის გაღრმავებას გენეტიკაში და  მისი მიმართულებების პოპულარიზაციას საქართველოში. 

ესე  უნდა შეიცავდეს არსებით, კარგად დასაბუთებულ არგუმენტებს, რომელიც დაადასტურებს სტუდენტის მიერ კონკურსით  გამოცხადებული   თემების ღრმა ცოდნას.


თემები 2021:

თემა I

ბიობანკების შექმნა (ე.წ. „ბიობანკინგი“) გულისხმობს ბიოლოგიური ნიმუშების და  მასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებას, კვლევას, შენახვას და გაზიარებას.
„ბიობანკინგი“ დიდი მონაცემთა ბაზების ეპოქაში ხელს უწყობს პროგნოზული, პრევენციული და პერსონალიზებული მედიცინის განვითარებას, რათა უზრუნველყოს თითოეული პაციენტის შესაბამისი მკურნალობა შესაბამის დროს.
იმსჯელეთ, რა შეიძლება იყოს დნმ-ბიობანკების პოტენციური სარგებელი; როგორ უნდა გამოვიყენოთ ბიობანკების და გენომური კვლევების მონაცემები უფრო ეფექტურად მკურნალობის ოპტიმიზაციის, დაავადებების დიაგნოსტიკის და ახალი პრევენციული მეთოდების შემუშავების  მიზნით.
ასევე, იმსჯელეთ ეთიკურ საკითხებზე. რა შეიძლება იყოს ბიობანკების შექმნის პროცესში საზოგადოების წევრების მონაწილეობის (მაგ., იმ პირების, რომლებმაც თავიანთი დნმ გაიღეს სამეცნიერო კვლევებისთვის) შესაძლო უარყოფითი მხარე.


თემა II

ერთეული ნუკლეოტიდური პოლიმორფიზმები (SNPs) პოპულაციაში ყველაზე  გავრცელებული გენეტიკური ვარიანტებია. მათი უმეტესობა გავლენას არ ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუმცა გენომის გაფართოებული ასოციაციური კვლევებით (GWAS, Genome-Wide Association Studies) დადგინდა, რომ ზოგი გენეტიკური ვარიანტი დაკავშირებულია ისეთი კომპლექსური დაავადებების განვითარების რისკთან, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დარღვევები, დიაბეტი ან კიბო.
გარდა ამისა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს გენეტიკური ვარიანტები, რომლებიც განსაზღვრავს გენეტიკურ წინასწარგანწყობას ინფექციური დაავადებებისადმი ან განაპირობებს მედიკამენტებზე განსხვავებულ რეაქციას.
შეარჩიეთ ერთ-ერთი კომპლექსური დაავადება და იმსჯელეთ გენომის გაფართოებული ასოციაციური კვლევების (GWAS) შედეგად იდენტიფიცირებული SNP-ის მნიშვნელობაზე შერჩეული დაავადების განვითარებაში.

  • ესე უნდა პასუხობდეს  ამ ორი  საკითხიდან ერთ-ერთს;
  • თითოეული ესე შეიძლება წარადგინოს არაუმეტეს ორმა ავტორმა;
  • ნაშრომი უნდა გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: dnaday.essay@gmail.com .

მნიშვნელოვანი  თარიღები
15 თებერვალი  – ესეების კონკურსის გამოცხადება;
10 აპრილი  – ესეების წარდგენის ბოლო ვადა;
25 აპრილი – გამარჯვებულების გამოვლენა (შედეგები გამოქვეყნდება  ვებ საიტზე: www.geneticsgeorgi.org და ფეისბუქ გვერდზე:  @geneticsgeorgia)

იხილეთ წესები და დამატებითი ინფორმაცია: geneticsgeorgia.org