2026 წლის 30 მარტს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართება ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩები“-ს ეგიდით გადაღებული დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის „ინგირს მელე“ („ენგურს გაღმა“) საპრემიერო ჩვენება.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა დევნილ ქალზე, რომელიც ეძებს პასუხს ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე:
„როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, აფხაზეთში რომ დაბადებულიყო?“
ეს არის პირადი ძიების, იდენტობისა და მეხსიერების ისტორია, რომელიც მაყურებელს აფიქრებს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.
ფილმი ეხება აფხაზეთის ომის დროს განვითარებულ მოვლენებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ძალაუნებურად აღმოჩნდნენ ამ ტრაგედიის ეპიცენტრში და მათ ემოციურ გამოცდილებას. თუმცა ფილმის მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ ტკივილზე ფოკუსირება — ის ცდილობს ემპათიის, ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების გაძლიერებას, ასევე ადამიანური კავშირების დანახვასა და ნდობის აღდგენას.
ფილმი განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმას, თუ რას ნიშნავდა აფხაზეთი იქ დაბადებული ადამიანებისთვის — რა დაკარგეს მათ ამ მიწის დაკარგვით და რა შეიძლება აღდგეს, თუ ენგურის ორივე მხარეს იქნება ამის მზაობა.
ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩები“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში სახელმწიფოებრივი აზროვნების გაძლიერებას და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის „ცოცხალი ხიდების“ აღდგენას. მათი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ახალგაზრდების გააქტიურება და მათთვის იმ ისტორიის გაცნობა, რომელიც გვიყვება კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, მეგობრობაზე და საერთო ღირებულებებზე.
ფილმის შესახებ:
• თემა: აფხაზეთი
• ჟანრი: დოკუმენტურ-მხატვრული
• ხანგრძლივობა: 45 წუთი
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ფილმის ანონსი იხილეთ აქ.