1 ივნისი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N1 სტომატოლოგიურ კლინიკაში

1 ივნისი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N1 სტომატოლოგიურ კლინიკაში

თსსუ N1 სტომატოლოგიურ კლინიკაში 1 ივნისს ბავშვებს განსაკუთრებული ზეიმი მოუწყვეს. კლინიკის სამედიცინო პერსონალი მხიარულად ეგებებოდა ყველა პატარას, ათვალიერებინებდნენ მიმზიდველ ორანჟერეას, რომელიც კლინიკის შესასვლელშივე იპყრობდა ყურადღებას. მერე კი თამაშ–თამაშ უხსნიდნენ პატარებს, როგორ უნდა მოევლოთ პირის ღრუსთვის ჭამის შემდეგ... ბავშვები თავს მართლაც დღესასწაულზე გრძნობდნენ, მითუმეტეს, რომ საჩუქრებსაც უხვად იღებდნენ: მაღალი ხარისხის კბილის ჯაგრისებსა და კბილის პასტებს, კომპანია „ბარამბოს“ ტკბილეულს, საზეიმო ტორტის ნაჭერს...

ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მოექცნენ, რომლებიც სპეციალურად მოიწვიეს კლინიკაში აქციაზე დასასწრებად. როგორც  თსსუ N1 სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა დავით ხვედელიანმა აღნიშნა, 1 ივნისი მათთვის  ტრადიციული  საზეიმო დღეა: „ჩვენ ყოველ ბავშვთა საერთაშორისო დღეს  აღვნიშნავთ აქციით. მეხუთე წელია, ამ დღეს ვეპატიჟებით შეზღუდული უნარების მქონე ბავშვებს. მათ უტარებენ საუბრებს, განმარტებებს როგორ მოუარონ პირის ღრუს.  თუ ზრდასრულმა იცის რა მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს მოვლას, ბავშვებმა ნაკლებად იციან... ამიტომაც გვინდა მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია. დავუთვალიერეთ ბავშვებს პირის ღრუ, შევისწავლეთ მათი კბილების და ღრძილების მდგომარეობა. პატარა პაციენტები მიიღეს თერაპევტ–სტომატოლოგებმა, ორთოდონტებმა. 

აქციის ფარგლებში დავჭერით საზეიმო ტორტი, ტკბილეულით გავუმასპინძლდით პატარებს. თუმცა ისიც შევახსენეთ, რომ  ტკბილეულის მიღების შემდეგ, აუცილებელია გამოიხეხონ კბილები.  ბავშვები დავასაჩუქრეთ კბილის პასტებით, ჯაგრისებით. მინდა ამ ზეიმის მოწყობაში დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო თსსუ–ის ხელმძღვანელობას, „ქოლგეით ტოტალის“ თბილისის წარმომადგენლებს, ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგას, სააქციო საზოგადოება  ‘ბარამბოს“ , რომელიც  მეორე წელიწადია, უარს არ ამბობს 1 ივნისს მოგვიტანოს ტკბილეული ბავშვებისთვის“.

მხიარული განწყობით სხდებოდნენ პატარები სტომატოლოგის სავარძელში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში ლიკა სანოძე, როგორც მასპინძელი, თბილად ეგებებოდა ყველა ბავშვს. როგორც მან გვითხრა,   5 წელია,  თსსუ N1 სტომატოლოგიურ კლინიკაში  აქტიურად აღინიშნება 1 ივნისის დღესასწაული. „ ვცდილობთ იყოს იდეალური განწყობა, მივიღოთ ჯანმრთელი და შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები, განსაკუთრებით ელოდება ყველა ჩვენგანი ამ დღეს. კლინიკა ითვლის არსებობის 50 წელზე მეტს. ვცდილობთ მდიდარი გამოცდილება და ტრადიციები სასარგებლო სიახლეებს შევუთავსოთ და მაქსიმალურად კარგი მომსახურება შევთავაზოთ ყველას“. 

დღეისათვის, კლინიკაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უახლესი, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალის მიერ ხორციელდება მოსახლეობის (როგორც მოზრდილების, ასევე ბავშვთა) სრულმასშტაბიანი, სპეციალიზირებული სტომატოლოგიური დახმარება, აგრეთვე პედაგოგიური და სამეცნიერო–კვლევითი პროცესი.