2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ამოქმედდა ,,დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა“ (US MD - Doctor of Medicine Degree Program)

2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ამოქმედდა ,,დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა“ (US MD - Doctor of Medicine Degree Program)

გახდე ექიმი – გულისხმობს, დაეუფლო თანამედროვე მედიცინის მაღალ სტანდარტებს, შეიძინო ბიოსამედიცინო საგნების ფუნდამენტური ცოდნა, სამეცნიერო და კლინიკური უნარ-ჩვევები, რათა მათი დახმარებით გამართულად შეძლო მომავალში „პროფესიულ გზაზე“ სიარული. დღესდღეობით, ფართოდ გამოიყენება მედიცინის სწავლების ისეთი პროგრამები, რომლებიც სტუდენტს საშუალებას აძლევს, სწავლის დაწყებისთანავე, აქტიურად იყოს ჩართული კლინიკურ სფეროში და, ამავდროულად, განახორციელოს სამეცნიერო საქმიანობა

2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ამოქმედდა ,,დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა“ (US MD - Doctor of Medicine Degree Program), რომელიც შემუშავდა და განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) სამედიცინო სკოლის (ESOM) ერთობლივი პროექტის საფუძველზე. ერთობლივი პროექტი და ინგლისურენოვანი სწავლება უზრუნველყოფს შესაძლებლობათა ფართო არჩევანს: სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სწავლის პროცესშივე ჩააბარონ აშშ სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის (USMLE) ორივე საფეხური, ასევე სამეცნიერო კვლევისა და პრაქტიკული საქმიანობის გარკვეული ეტაპები გაიარონ აშშ–ში. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო საბაზისო, პრეკლინიკური და კლინიკური დისციპლინების სრულ ინტეგრაციას. გარდა ამისა, პროგრამის პირველი 2 წელი ორიენტირებულია იმაზე, რომ სტუდენტმა მაქსიმალურად გაიფართოოს ზოგადი განათლების ჰორიზონტი. სწავლის დასრულების შემდეგ კი კურსდამთავრებულს მიენიჭება დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი და საშუალება ექნება დიპლომისშემდგომი განათლება და სპეციალური პროფესიული მზადება გაიაროს როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მათ შორის აშშ–ში.


ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, 2012 წლის 17–25 სექტემბერს თბილისში იმყოფებოდნენ ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) პროფესორ–მასწავლებელთა წარმომადგენლები: 2000 წელს შინაგანი მედიცინის საუკეთესო პროფესორად აღიარებული USAID–ის, საქართველოსა და თბილისის საპატიო მოქალაქე – კენ უოლკერი, ემორის სამედიცინო სკოლის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი – პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი, ემორის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი – პროფესორი ერიკა ბრაუნფილდი პროფესორი პიტერ ბრაუნი, პროფესორი მარი ჯო ლეჩოვიჩი და სხვ., რომლებმაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირვერკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

უცხოელმა კოლეგებმა ქართველ სტუდენტებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, ჩაატარეს ლექციები საბაზისო და კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სფეროში, ჩატარდა დისკუსია თანამედროვე მედიცინის და სწავლების განვითარების სხვადასხვა საკითხზე.

საზღვარგარეთ მოღვაწე პროფესორებმა დაწვრილებით გააცნეს ქართველ სტუდენტებს ახალი სასწავლო პროგრამის გეგმა, უპასუხეს მათ შეკითხვებს და დასასრულს კი პროფესიული წარმატებები უსურვეს მათ შემდგომ საქმიანობაში.