2014–15 სასწავლო წლიდან თსსუ–ში ორი ახალი სახელობითი სტიპენდია დაარსდება

2014–15 სასწავლო წლიდან თსსუ–ში ორი ახალი სახელობითი სტიპენდია დაარსდება

2014 წლის 25 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, წარჩინებული სტუდენტების ფინანსური და მორალური მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით, ორი ახალი სახელობითი სტიპენდია დაარსებულიყო. როგორც მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა აღნიშნა,  „აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ წერილით მომართა უნივერსიტეტს და გამოთქვა სურვილი, წარჩინებულ სტუდენტთა წახალისების მიზნით, პირადი სახსრებიდან, 2014 წლის სექტემბრიდან დააწესოს „ფრიდონ თოდუას სახელობითი სტიპენდია“, რომლის ყოველთვიური ოდენობა 250 (დარიცხული) ლარი იქნება და გადაეცემა უნივერსიტეტის მიერ რეკომენდებულ მედიცინის ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტს, რომელიც გამოირჩევა სანიმუშო ყოფაქცევით, სწავლის სურვილით, კეთილსინდისიერებით და ამავე დროს ესაჭიროება მატერიალური  მხარდაჭერა და თანადგომა. აღნიშნულის თაობაზე 23 ივლისს იმსჯელა მედიცინის ფაკულტეტის საბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტიპენდია დაენიშნოს მედიცინის ფაკულტეტის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტს".

 აკადემიური და წარმომადგენლობითი  საბჭოს სხდომაზე განიხილეს "აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის”  სახელობის სტიპენდიის დანიშვნის საკითხიც.  მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ "აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის” დამფუძნებელმა, ბატონმა გიგი გოცირიძემ  გამოთქვა სურვილი მედიცინის ფაკულტეტის მეხუთე კურსის ორ წარჩინებულ, მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტს დაუწესოს შპს "აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის"  სახელობის ყოველთვიური სტიპენდია, თვეში 250 (დარიცხული) ლარის ოდენობით. სტიპენდია გაიცემა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ყოველწლიურად ახალი კანდიდატურების შერჩევის პრინციპით“.

საბჭოს წევრებმა ერთხმად მოიწონეს წარმოდგენილი წინადადებები. თსსუ–ისთვის პრიორიტეტულია სტუდენტებში მოტივაციის გაზრდა და განათლების სფეროში საუკეთესო შედეგის მიღებაზე ორიენტირებულობა, ამდენად, ახალი სახელობითი სტიპენდიების დაარსება მნიშვნელოვანი ფაქტია როგორც თსსუ–ის პროფესურისთვის, ისე სტუდენტებისთვისაც.