2016 წლის ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულების საზეიმო ცერემონიალი

2016 წლის ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულების საზეიმო ცერემონიალი

   
   

2016 წლის 17 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია გაიმართა.

სასწავლო კორპუსების საზეიმოდ მორთულ ეზოში მომავალ ფარმაცევტებს გზას ულოცავდნენ პროფესორ–მასწავლებლები, კოლეგები – „ეს უბედნიერესი დღეა, მაგრამ სევდიანი, იმიტომ, რომ ჩვენი უნივერსიტეტიდან მივდივართ“ – აღნიშნავდნენ კურსდამთავრებულები.

სასწავლო კორპუსების ეზოში შეკრებილ სტუდენტებს სწავლის წარმატებით დამთავრება მიულოცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ: „არ არსებობს „ყოფილი ჩემი უნივერსიტეტი“. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თქვენი უნივერსიტეტია და ბოლომდე თქვენად დარჩება. ზოგი თქვენგანი მალე მობრუნდება ჩვენთან სწავლის გასაგრძელებლად, ზოგი – უცხოეთში წავა სასწავლებლად, ზოგიც პრაქტიკულ მუშაობას დაიწყებს... ჩვენ მუდამ თვალს ვადევნებთ თქვენს წარმატებებს და გავიზიარებთ თქვენი მიღწევებით გამოწვეულ სიხარულს. ფარმაციის ბაკალავრის პროგრამა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია. თქვენ დამოუკიდებელი ხდებით, გადიხართ ფართო ასპარეზზე, სადაც დიდი კონკურენცია გხვდებათ. გისურვებთ წარმატებას, თქვენ მიღებული გაქვთ ისეთი ცოდნა, რომელიც ამ წარმატების წინაპირობა და საფუძველია“...

"ეს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო, რადგან კურსდამთავრებულებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება: „ფარმაციის ფაკულტეტი აცილებს კიდევ ერთ გამოშვებას. ვამაყობთ თქვენით. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ წარმატებული პროფესიონალები გამხდარიყავით. თქვენ მზად ხართ კონკურენცია გაუწიოთ მაღალკვალიფიციურ კადრებს. გახსოვდეთ, უნივერსიტეტში პროფესორ–მასწავლებლების სახით რჩებიან თქვენი მეგობრები, რომლებსაც შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს მიმართოთ რჩევისთვის“ – მისალოც სიტყვაში აღნიშნა ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა თამარ ჩიკვილაძემ.

ახალბედა ფარმაცევტებს უნივერსიტეტის დამთარება მიულოცა ფარმაცევტული კომპანია „PSP“–ს ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელმა, თსსუ–ის მოწვეულმა პედაგოგმა ეკა ფრუიძემ. მან აღნიშნა, რომ თავადაც თსსუ–ის კურსდამთავრებულია და მის CV-ში ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი. კომპანია „PSP“–მ  სიურპრიზი მოუმზადა კურსდამთავრებულებს: სწავლების და სტაჟირების შემდეგ ტესტირების შედეგების, აფთიაქში აქტივობისა და გაყიდვების მაჩვენებლების გათვალისწინებით 4 წარმატებულ სტუდენტს: თინათინ  ჩერქეზიშვილს, ეკა კოკაიას, ელენე ციხელაშვილს და მარიამ ცისკარიშვილს  სპეციალური საჩუქრები გადასცა.

ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს მისალოცი სიტყვით  მიმართეს: თსსუ–ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა გორგასლიძემ, ფარმაციის ფაკულტეტის პროფესორებმა: ნელი ანთელავამ და თამაზ ჭუმბურიძემ, წარჩინებულმა თანაკურსელებმა: თამთა ქარჩავამ და გიორგი ჯგერენაიამ.

საზეიმო ცერემონიის დასკვნით ნაწილში ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა დადეს „ფარმაცევტის ფიცი“, რის შემდეგაც მანტიებით შემოსილებმა ქუდები ცაში აისროლეს. ეს სიმბოლური რიტუალი წლებია განსაკუთრებული აღმაფრენის გამოხატულებად იქცა უნივერსიტეტის ყველა კურსდამთავრებულისთვის...

ღონისძიების დასასრულს გაიჭრა საზეიმო ტორტი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს ფარმაციის ფაკულტეტის თითოეულ კურსდამთავრებულს.