2013 წლის 9 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან არსებულ სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისიასთან ერთად განახორციელა 9 აპრილის ტრაგიკული დღისადმი მიძღვნილი საპატიო აქცია, რომელმაც გააერთიანა თბილისის უნივერსიტეტების უმრავლესობა.
სტუდენტებმა წითელი ტიტებით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელ-მონაზონმა ლუკამ (ფალავანდიშვილი) და მგალობელთა გუნდმა “ლაზარემ”.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი.