AMEE-ს  კონფერენციაზე  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით  წარმოდგენილი იქნა სამი მოხსენება

AMEE-ს კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით წარმოდგენილი იქნა სამი მოხსენება

   
   

2015 წლის 4-9 სექტემბერს ქ.გლაზგოში (დიდი ბრიტანეთი) ჩატარდა ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE - Association for Medical Education) კონფერენცია, სადაც მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმადა სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გაიანე სიმონიამ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სახელით  კონფერენციაზე  წარმოდგენილი იქნა სამი მოხსენება.

კონფერენციის პირველ დღეს გაიმართა სიმპოზიუმი „შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური აზროვნება - სწავლების მეთოდი პრეკლინიკურ ეტაპზე“, რომელიც ორგანიზებული იყო უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორის, ოლე ტენ კატეს მიერ. ძირითადი მოხსენება „შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური აზროვნების სწავლება საქართველოში, უკრაინასა და აზერბაიჯანში“ წარმოდგენილი იქნა პროფესორ გაიანე სიმონიას მიერ. ნაჩვენები იყო თსსუ-ში მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსელების მიერ კლინიკური აზროვნების სწავლების ვიდეოკადრები, რომლებმაც დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. სიმპოზიუმზე დარიგდა წიგნი „შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური აზროვნების სწავლების მეთოდოლოგია“,  რომლის ავტორები არიან პროფ. ოლე ტენ კატე, მარია ვან ლუნი და გაიანე სიმონია. წიგნი გამოცემულია ინგლისურ და ქართულ ენებზე ტემპუსის პროექტ MUMEENA-ს დაფინანსებით.  აღსანიშნავია, რომ თსსუ-ს გამოცდილებაზე დაყრდნობით ზემოხსენებული სასწავლო კურსის დანერგვის სურვილი გამოთქვეს შვეიცარიის, აშშ-ს, იაპონიის, იტალიის, გერმანიის ცნობილი უმაღლესი სამედიცინო სკოლების წარმომადგენლებმა.

მეორე დღეს პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა წარმოადგინა მოხსენება „აკადემიური განვითარების პროგრამა დიპლომამდელი სამედიცინო განათლების ეტაპზე: საქართველოს გამოცდილება“ და მიმოიხილა თსსუ-ში სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში აკადემიური პერსონალის გადამზადების შედეგები. პარალელურად მიმდინარე სესიაზე ლიდსის უნივერსიტეტის პროფესორმა ანა-მარია რეიდმა და პროფესორმა გაიანე სიმონიამ ერთობლივად გააკეთეს მოხსენება „სასწავლო პროგრამის რეფორმა აღმოსავლეთ ევროპაში“ , რომელმაც ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია.

თსსუ-ის დელეგაციის წევრებმა დასახეს შემდგომი თანამშრომლობის გეგმა  ამჟამად უკვე დასრულებული პროექტის MUMEENA-ს პარტნიორებთან - ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის პრეზიდენტთან პროფესორ ტრუდი რობერტსთან, პროფესორებთან რიჩარდ ფულერთან და გოდფრი პელთან, დაამყარეს საქმიანი კონტაქტები სიმულატორების მწარმოებელ რამდენიმე კომპანიასთან.

დელეგაციის წევრებს შეხვდა ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის გენერალური  მდივანი პროფესორი რონალდ  ჰარდენი.