გიორგი (ბიჭიკო) დანელიას ხსოვნის საღამო თსსუ-ში

გიორგი (ბიჭიკო) დანელიას ხსოვნის საღამო თსსუ-ში

2024 წლის 25 ივნისს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ინიციატივით, გაიმართა გამოჩენილი პათოლოგანატომის, მედიცინის  მეცნიერებათა დოქტორის, სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიის განყოფილების გამგის, პროფესორ  გიორგი (ბიჭიკო) დანელიას ხსოვნის საღამო.

გიორგი დანელიამ ხანგრძლივი, მეტად საინტერესო და ნაყოფიერი ცხოვრება განვლო, ის დაიბადა 1923 წლის 25 აპრილს თბილისში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის 59-ე საშუალო სკოლა ოქროს მედლით, ხოლო 1946 წელს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი წარჩინების დიპლომით. 

ჯერ კიდევ  სტუდენტობისას დაინტერესდა პათოლოგიური ანატომიით. აკადემიკოსმა ვლადიმერ ჟღენტმა ის,  როგორც სამეცნიერო წრის აქტიური წევრი, მიიწვია კათედრაზე და ურჩია, რომ დაუფლებოდა ბავშვთა და პერინატალური პათოლოგიის თეორიულ საფუძვლებს. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე გიორგი დანელია ჩაირიცხა ასპირანტურაში პათოლოგიური ანატომიის სპეციალობით. სადისერტაციო თემად შეარჩია ბავშვთა და პერინატალური პათოლოგიის აქტუალური პრობლემა, რომელიც შეეხებოდა იმ დროს მეტად გავრცელებულ დაავადებას – ჭიპლარისმიერ  სეფსისს. 

 1972 წელს გიორგი  დანელიამ წარმატებით  დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ახალშობილთა ფილტვების არაანთებადი დაზიანებების მორფოლოგიის, პათოგენეზის და თანატოლოგიური მნიშვნელობის საკითხისათვის”. 1946 წლიდან გიორგი დანელია მუშაობდა მეანობა-გინეკოლოგიის  სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც 1952 წლიდან ხელმძღვანელობდა პათომორფოლოგიურ ლაბორატორიას. 1968 წელს ის  დაინიშნა ბავშვთა და პერინატალური პათოლოგიის, ორსულთა და გინეკოლოგიურ ავადმყოფობათა პათოლოგანატომიური გაერთიანების ხელმძღვანელად. ამ დარგში მან ჩამოაყალიბა ლაბორატორია, სადაც ათეული წლების მანძილზე ტარდებოდა მრავალმხრივი კვლევა-ძიება.  წლების განმავლობაში ბატონმა ბიჭიკომ  აღზარდა პათოლოგანატომთა, ჰისტოლოგთა, ციტოლოგთა პროფესიონალი კადრები, ჩამოაყალიბა პრაქტიკული მუშაობის და კვლევის სრულიად  ახალი  კლინიკურ-ანატომიური მიმართულება.  

1969 წლიდან პროფესორი დანელია დაინიშნა  საქართველოს მთავარ პათოლოგანატომად ბავშვთა და პერინატალოგიის დარგში. 1970 წლიდან იგი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ქალთა სიკვდილობის კომისიის წევრი გახლდათ.

გიორგი დანელია, აგრეთვე, არჩეული იყო საქართველოს პათოლოგანატომთა საზოგადოების გამგეობის პრეზიდიუმის და პათოლოგანატომიური სამსახურის საკონსილიუმო საბჭოს წევრად. მის მიერ თბილისში და რესპუბლიკის სხვა ქალაქების სამშობიარო სახლებში სხვადასხვა დროს ჩატარდა  100-ზე მეტი კლინიკურ-ანატომიური კონფერენცია. 

გიორგი დანელია  აღიარებულია, როგორც მაღალი კვალიფიკაციის, ღრმა განათლების და ორიგინალური აზროვნების,  ფართო დიაპაზონის მქონე პრაქტიკოსი პათოლოგანატომი და მკვლევარი. მისი მორფოლოგიური კვლევების მონაცემები საფუძვლად დაედო ქალთა პათოლოგიის – თრომბოჰემორაგიული სინდრომის თეორიის დასაბუთებას, ამ დაავადების დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდების შემუშავებას და დანერგვას პრაქტიკაში, რისთვისაც მას, მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, 1990 წელს სახელმწიფო პრემია მიანიჭეს. ამავე  წელს, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ხანგრძლივი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და მეცნიერთა კადრების აღზრდისთვის გიორგი დანელიას საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება მიენიჭა. 

1994 წელს გიორგი დანელია აირჩიეს საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის  ნამდვილ წევრად, 1999 წელს - საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

პროფესორ გიორგი (ბიჭიკო) დანელიას ხსოვნის საღამოზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ მისი მოსწავლეები და კოლეგები: 

რამაზ ხეცურიანი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.

ნუკრი კინტრაია- თსსუ-ის მეანობა გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი;

რიმა ბერიაშვილი – თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

რამაზ გახოკიძე- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი;

ზურაბ ძოწენიძე- პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი;

რამაზ ჩიხლაძე- თსსუ-ის ემერიტუსი, თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტი;

იგორ კეკელია- სერგი დანელიას სახლ-მუზეუმისა და მარტვილის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, ისტორიის დოქტორი. 

სიტყვით გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ბატონი გიორგის ცხოვრება მხოლოდ მეცნიერული და პრაქტიკული მუშაობით არ შემოიფარგლებოდა, ის იყო ძალიან არაორდინალური,  ფართო ერუდიციის მქონე ადამიანი. იგი თავისუფლად ფლობდა რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს. საქართველო იცნობდა და პატივს სცემდა გიორგი დანელიას არა მარტო როგორც გამოჩენილ მედიკოსს, არამედ უყვარდათ ის როგორც ხელოვანი, პოეტი, მუსიკოსი, ფილოსოფოსი, კეთილშობილებითა  და ღირსებით  გამორჩეული პიროვნება.

გიორგი დანელიას განვლილი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ღირსშესანიშნავი ეტაპები შეაფასეს და მოიგონეს: 

ბესარიონ კილასონიამ - თსსუ-ის ემერიტუსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტი;

დოდო სიგუამ - ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სწავლული მდივანი;

მარინე ფაილოძემ - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, თბილისის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პათომორფოლოგიური მიმართUლების ხელმძღვანელი, ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის მორფოლოგიური სამსახურის გინეკოლოგიური მიმართულების წარმომადგენელი;

რუსუდან ლორიამ - მედიცინის დოქტორი, ო. ღუდუშაურის კლინიკის პათოლოგანატომიური დეპარტამენტი.

ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა  პროფესორ გიორგი დანელიას მეუღლემ, ქალბატონმა  ბელა გრიგოლაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ  მისი მეუღლე მუდამ გრძნობდა დიდ პატივისცემასა და სიყვარულს კოლეგებისგან, მეგობრებისგან, მისი აღზრდილი მოწაფეებისგან, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისგან, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ის სიტყვები და მოგონებები, რომელიც  მისი ღვაწლის უკდავსაყოფად დღევანდელ საღამოზე კიდევ ერთხელ წარმოითქვა.

,,ეს არის გიორგი დანელიას ხსოვნის საღამო, რომელიც მოცული იყო თავისი სპეციალობით, იყო სულ ახლის ძიებაში და ამასთანავე თვითგამოხატვისთვის ხშირად მიაშურებდა ხოლმე მუსიკას, პოეზიას, მხატვრობას, სპორტს, ბუნებას და ა.შ. უყვარდა მოყვასი, მზად იყო ყოველთვის დახმარების ხელი გაეწოდებინა მათთვის, ეთქვა თბილი სიტყვა იმაზე მეტი, ვიდრე შეეძლო, ის ხომ მხოლოდ სიკეთისთვის იყო დაბადებული. გიორგი დანელიას მოღვაწეობით გავლებული კვალი ნათელი დღესაც მიუძღვება მაღალი იდეალების მსახურთ“ -აღნიშნა ქალბატონმა ბელამ.