კონფერენცია - წარმატებული სტომატოლოგია - გზა, შეცდომებისა და გართულებებიდან, სასურველ ეფექტამდე

კონფერენცია - წარმატებული სტომატოლოგია - გზა, შეცდომებისა და გართულებებიდან, სასურველ ეფექტამდე

2023 წლის 1 ივლისს მცხეთაში, „შუაგულში“ საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა ლიგის ორგანიზებით და საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია „წარმატებული სტომატოლოგია - გზა, შეცდომებისა და გართულებებიდან, სასურველ ეფექტამდე“.  აღსანიშნავია, რომ ლიგის დამფუძნებლები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. 

კონფერენციის მთავარი მომხსენებელი, თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე იყო. მისი 3  საათიანი პრეზენტაცია „შეცდომები, დაუდევრობა და გართულებები სტომატოლოგიაში - სიარული დანის პირზე“ საყოველთაო მსჯელობის, პოლემიკისა და აზრთა გაზიარების საგანი გახდა, რადგან თითოეული კლინიკური შემთხვევა გაანალიზდა დეტალურად და რაც მთავარია, საბოლოო დასკვნები დაეფუძნა 10 და მეტი წლების შემდეგ აღწერილ კლინიკურ შედეგებს.

კონფერენციის პლენარული სესიები მიეძღვნა ორთოდონტიის, ენდოდონტიის, ყბა-სახის ქირურგიის, პაროდონტოლოგიის, იმპლანტოლოგიისა და ორთოპედიული სტომატოლოგიის მნიშვნლოვან ასპექტებს და ამ მიმართულებებში არსებული პრობლემების, შეცდომების, გართულებებისა და მათი თავიდან აცილების გზების ძიების საკითხებს.

პლენარულ სესიაზე მოხსენებით „თანამედროვე დიაგნოსტიკის იგნორირება და შედეგად დაშვებული შეცდომები ორთოდონტიაში“ წარდგა თსსუ-ის ორთოდონტიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი ავთანდილ ბაქრაძე, რომლის პრეზენტაციამ  აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაზეც მსმენელთა მიერ დასმული კითხვების სიუხვეც მეტყველებდა.

თსსუ-ის პირის ღრუსა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის მოწვეულმა მასწავლებელმა, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრმა გიორგი გვენეტაძემ საზოგადოებას, ასევე, ძალიან საინტერესო მოხსენება წარუდგინა: „პაციენტის დაუდევრობა ხილული პათოლოგიის არსებობისას და არასრულფასოვანი დიაგნოსტიკით გამოწვეული გართულებები ყბა-სახის ქირურგიაში“. მოხსენებაში ხაზი გაესვა ექიმისა და პაციენტის ორმხრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას რიგი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ინტერესი დაიმსახურა საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრის, ექიმ მაია ლომსიანიძის მოხსენებამაც „წარმატებული ენდოდონტია - ბრძოლა მისი თითოეული ეტაპის შეცდომებთან“. ინტერესს აღვივებდა ისიც, რომ პრეზენტაციები ილუსტრირებული იყო ავტორთა საკუთარი კლინიკური მასალებით, რაც შთამბეჭდავს ხდიდა თითოეულ ლექციას.

პლენარულ სესიებზე დენტალური იმპლანტოლოგიის გამოწვევებს შეეხო პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი, ქირურგიულ პაროდონტოლოგიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა ექიმმა ლალი ქოჩიაშვილმა, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორის, ნუცა ზურაბიანის პრეზენტაციაში კი გამოიკვეთა ის სადავო საკითხები, რაც თანამედროვე ორთოპედიულ სტომატოლოგიაშია.

კონფერენციას, ასევე ესწრებოდნენ თსსუ-ის აკადემიური პერსონალი და მოწვეული მასწავლებლები: ორთოდონტიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ მიქაძე,  ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი ლია სანოძე, ამავე კლინიკის დირექტორის მოადგილე, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი ჯონი ფოცხვერაშვილი, ორთოდონტიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ნატო მოსემღვდლიშვილი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი და ლაბორანტი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი ნინი სვანიშვილი,  თსსუ-ის სტუდენტები და საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები.