თსსუ-ში საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის ყრილობა გაიმართა

თსსუ-ში საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის ყრილობა გაიმართა

8 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის ყრილობა გაიმართა. მას როგორც ასოციაციის ადგილობრივი წევრები, ასევე, სხვადასხვა რეგიონის  დელეგატები ესწრებოდნენ.

ღონისძიება გახსნა და აუდიტორიას მიესალმა ასოციაციის პრეზიდენტი, თსსუ-ის ემერიტუს პროფესორი თინათინ ბუკია, რომელმაც ყრილობის დამსწრეებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. 

ყრილობის თავმჯდომარედ  თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის, რეზიდენტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი - ნანა კოჭლავაშვილი დაინიშნა. პროფესორმა ისაუბრა ასოციაციის ჩამოყალიბების ისტორიაზე, მის როლზე უნივერსიტეტში არსებული ლაბორატორიული მედიცინის პროგრამის განვითარებაში. ასოციაცია თითქმის 21 წლის წინ ჩამოყალიბდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში (დღევანდელი  - დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი) რომელიც ემსახურებოდა ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და იმპლემენტაციას,  პროფესიული უნარების გაზიარებას და ზოგადად დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების განვითარებას საქართველოში. 

პროფესორმა ნანა კოჭლავაშვილმა ისაუბრა, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის  სარეზიდენტო პროგრამების შესახებ:„საქართველოში აღიარებული და უნიფიცირებული სარეზიდენტო პროგრამა - ლაბორატორიული მედიცინა  2000-2001 წლებში ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცდა კანონქვემდებარე აქტის სახით. მან წლების განმავლბაში განიცადა სამჯერადი რედაქტირება, რომლის მიხედვითაც პროგრამას დაემატა მოდულები პროფესიული უნარების ათვისებისთვის. ეს მოდულები განსაზღვრავს ლაბორატორიაში ექიმ-სპეციალისტის მომზადებას. სპეციალობა არის რეგულირებადი, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამის გავლის შემდეგ აუცილებელია სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდების ჩაბარება, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და მრავალფეროვანია“ -აღნიშნა პროფესორმა. მან ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ პროგრამის განვითარებაში დიდი წვლილი, სწორედ, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციას და პროფესორ თინათინ ბუკიას მიუძღვის, რისთვისაც დიდი მადლობა გადაუხადა მათ.

ყრილობაზე   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს წარმოადგენდა, თსსუ-ის სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია , რომელმაც ისაუბრა ლაბორატორიული მედიცინის განვითარების თვალსაზრისით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  არსებულ პერსპექტივებზე. მან აღნიშნა, რომ ლაბორატორიული მედიცინა ტრანსდისციპლინური დარგია და მედიცინის ნებისმიერ მიმართულებას ეხება, რაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა,შესაბამისად, უნივერსიტეტი მზად არის განავითაროს და დანერგოს ახალი მიდგომები კარგი სპეციალისტების აღზრდისათვის.  პროფესორმა უნივერსიტეტის სახელით გამოთქვა მზადყოფნა ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობისათვის.  

ყრილობას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს აკრედიტაციის მთავარი სპეციალისტი - ქალბატონი, მადონა ჯორბენაძე. 

სამუშაო რეჟიმში ყრილობაზე გაკეთდა საანგარიშო მოხსენება, პროფესორ თინათინ ბუკიასა და გამგეობის წევრების მიერ. ჩატარდა  ასოციაციის პრეზიდენტის, გამგეობის წევრების, სარევიზიო კომისიის წევრებისა და  ხაზინადარის არჩევნები. საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტად ერთხმად არჩეულ იქნა - თინათინ ბუკია.