2024 წლის 12 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს DAAD-SDG ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო საპარტნიორო პროექტის „მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიცინაში“ კოორდინატორები, ჰანოვერის სამედიცინო სკოლის პროფესორი ულრიხ მარტინი და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, დოქტორი გაბი ფრორიეპი ესტუმრნენ.
უცხოელ პარტნიორთა ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ: პროექტის მენეჯერი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი; მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე; იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი; მოწვეული პედაგოგი ქეთევან მექვაბიძე; თსსუ-ის სტუდენტი ვალერი შარვაშიძე და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: მარინა ფოჩხუა და მერაბ ჩიქობავა. აღნიშნულ შეხვედრაზე ნონა ჯანიკაშვილმა მოახსენა საპარტნიორო პროექტის ფარგლებში ჩატარებული არჩევითი კურსის „მზადება სამეცნიერო კარიერისთვის“ დეტალური ანგარიში: შედეგები, მიღწევები და გამოწვევები. პროექტის უცხოელმა კოორდინატორებმა დადებითად შეაფასეს თსსუ-ის სტუდენტების აქტივობები აღნიშნული კურსის ფარგლებში და იმსჯელეს ჰანოვერის სამედიცინო სკოლაში 2025 წლის LISA საზაფხულო აკადემიის პროგრამის ფარგლებში არჩევითი კურსის სტუდენტების სტაჟირების ორგანიზებაზე.
ვიზიტის მეორე ნაწილი დაეთმო ჰანოვერის სამედიცინო სკოლის ახალი სადოქტორო პროგრამის „რეგენერაციული მეცნიერებების“ პრეზენტაციას, რომელიც დოქტორმა გაბი ფრორიეპმა წარმოადგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის და სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის წარმომადგენლები. სტუმრებმა ხაზგასმით აღნიშნეს თსსუ-ის კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობა ჰანოვერის სამედიცინო სკოლის სადოქტორო პროგრამებზე მიღებისთვის და გამოთქვეს ამ მიმართულებით მეტი თანამშრომლობის სურვილი.
დამატებით, თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ქეთევან ბიბილაშვილთან, ნონა ჯანიკაშვილთან, ნინო კანდელაკთან, მარიამ მოსიძესთან და ნინო ჩიღვინაძესთან შეხვედრისას პროფესორმა ულრიხ მარტინმა და დოქტორმა გაბი ფრორიეპმა გამოთქვეს სამომავლო სასწავლო და სამეცნიერო პროექტებში, მათ შორის ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ პროგრამებში, თსსუ-სთან თანამშრომლობის და ამ მიმართულებით, ჰანოვერის უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მზაობა.
DAAD SDG ფონდის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტის „მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიცინაში“ მთავარი მიზანია საერთაშორისო სტანდარტებამდე აამაღლოს ქართველი სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული განათლების დონე, სიცოცხლის შემსწავლელ და სამედიცინო მეცნიერებებში და მისცეს ქართველ კურსდამთავრებულებს საშუალება, წარმატებით ჩააბარონ ცნობილ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებზე. პროექტი ითვალისწინებს თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამისა და ფარმაციის სამაგისტრო პროგრამების სასწავლო კურიკულუმებში არჩევითი კურსის ჩართვას, რომელიც მოამზადებს სტუდენტებს შემდგომი ინდივიდუალური კვლევითი პროექტებისთვის.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის მერვე სემესტრის რვა სტუდენტმა და ფარმაციის სამაგისტრო პროგრამების მეორე სემესტრის ერთმა სტუდენტმა გაიარა არჩევითი კურსი „მზადება სამეცნიერო კარიერისთვის“.