თანამშრომლობის   პროექტის    განხილვა   ბერლინში,   ჯანდაცვის  ფედერალურ  სამინისტროში

თანამშრომლობის პროექტის განხილვა ბერლინში, ჯანდაცვის ფედერალურ სამინისტროში

2019  წლის  4 ნოემბერს  თსსუ- ის  რექტორი,  პროფესორი  ზურაბ  ვადაჭკორია  და ვიცე-რექტორი, პროფესორი  რიმა  ბერიაშვილი  მიწვეულები  იყვნენ  ბერლინში, ჯანდაცვის  ფედერალურ  სამინისტროში,  გერმანიის  პედიატრთა  და  მოზარდთა  მედიცინის     ასოციაციასთან (DGKJ)     თანამშრომლობის  პროექტისა  და  კონტრაქტის  განხილვაზე.

გერმანიის  პედიატრთა  და  მოზარდთა  მედიცინის     ასოციაცია  (The German Society for Paediatrics and Youth DGKJ)     პროფესიული   საზოგადოებაა,  რომელიც  სადღეისოდ  17 000   მაღალი   რანგის  სპეციალისტს  აერთიანებს.   ასოციაცია,  გერმანიის  მთავრობის    ხელშეწყობით,  2020  წლიდან  გეგმავს  განახორციელოს  ერთობლივი  პროექტი  თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტთან  და   თსსუ-ის   გივი  ჟვანიას   სახელობის  პედიატრიის  აკადემიურ  კლინიკასთან  ერთად.   პროექტის  მიზანია  გერმანელი  სპეციალისტების  გამოცდილების  გაზიარება  და  პედიატრიული  სამსახურის  განვითარება;  ექიმთა,  რეზიდენტთა,  სტუდენტთა  და  საზოგადოდ,    სამედიცინო  პერსონალის  კვალიფიკაციის  ამაღლება.  პროექტი  ითვალისწინებს    წამყვანი  გერმანელი  სპეციალისტების    ვიზიტს  გივი  ჟვანიას   სახელობის  პედიატრიის  აკადემიურ  კლინიკაში,  სადაც  ისინი  ჩაერთვებიან  სასწავლო  პროცესში  და  განახორციელებენ  კლინიკურ  აქტივობას, განიხილავენ  ერთობლივი   კვლევითი  პროქტების  განხორციელების     შესაძლებლობებს.  ვიზიტის  ფარგლებში    გერმანელი  სპეციალისტები   აქტიურ  მონაწილეობას  მიიღებენ  ექიმთა  უწყვეტი  გადამზადების   პროცესში.

4  ნოემბერს     შეხვედრაზე,  რომელსაც გერმანიის  პედიატრთა  და  მოზარდთა  მედიცინის   ასოციაციის წევრები  და ჯანდაცვის  ფედერალური  სამინისტროს  წარმომადგენელი,  ქალბატონი  გალინა მანთეი  ესწრებოდნენ,    პროექტის  ირგვლივ მოხსენება  გააკეთა აახენის უნივერსიტეტის  პედიატრის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა,    პროფესორმა   ნორბერტ  ვაგნერმა, რომელმაც დამსწრე  საზოგადოებას  გააცნო  პროექტისა  და  კონტრაქტის   დეტალები;  შეხვედრაზე  მოხსენებით  წარსდგა   თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  საპატიო  დოქტორი,  პროფესორი მიხაელ  ლენცე,  რომელმაც  საქართველოში,  კერძოდ, გივი  ჟვანიას   სახელობის  პედიატრიის  აკადემიურ  კლინიკაში,    თავისი  მრავალწლიანი    პროფესიული  გამოცდილების    შესახებ  ვრცლად  ისაუბრა.  

შეხვედრაზე  თსსუ-ის  რექტორმა,    პროფესორმა  ზურაბ  ვადაჭკორიამ  წარმოადგინა   პრეზენტაცია  საქართველოს,   თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის,  თსსუ-ის    გივი ჟვანიას  პედიატრიის  აკადემიური  კლინიკისა  და საზოგადოდ,  საერთაშორისო  ასპარეზზე,  სფეროსთან  დაკავშირებულ    ყველა   მიღწევაზე,  ერთობლივის  პროექტის  მოსალოდნელ  შედეგებზე.  პროფესორმა  ზურაბ  ვადაჭკორიამ  თავის   მოხსენებაში   განსაკუთრებული  ხაზი  გაუსვა   თსსუ-ის   ნაყოფიერ  თანამშრომლობას    გერმანიის  უნივერსიტეტებთან  და   კლინიკებთან;  გერმანელი  პროფესორების,  მათ  შორის,  თსსუ-ის  საპატიო  დოქტორების  და  კერძოდ, პროფესორ   მიხაელ  ლენცეს    ღვაწლს    პედიატრთა  ახალი  თაობის  აღზრდისა  და    თსსუ-ის   გივი  ჟვანიას  სახელობის   პედიატრიულ  აკადემიურ  კლინიკაში  2013  წლიდან  განხორციელებულ  კლინიკურ   საქმიანობაში.