თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საგამოფენო სივრცე გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საგამოფენო სივრცე გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ინიციატივით უნივერსიტეტში საგამოფენო სივრცე მოეწყო.

საგამოფენო სივრცის გახსნა  2021 წლის 28 აპრილს, ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დაცვით წარიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თსსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც სივრცეში რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩება. 

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, ხოლო მონაწილეებს ძირითად პროფესიაში და კულტურულ სარბიელზე წარმატებები  უსურვა.

სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს: კულტურის ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ბადრი მაჭავარიანმა და თსსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ანა კაკაბაძემ.

საგამოფენო სივრცის მოწყობის მიზანი სტუდენტების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა, მათი ნიჭის რეალიზება და ნამუშევრების აქტიური წარმოჩენაა.  

სამომავლოდ დაგეგმილია კიდევ არაერთი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი  იქნება სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები, ფოტოსურათები თუ სხვა. ორგანიზატორები აქტიურად გეგმავენ საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებების წარმართვასაც.