საქართველოსა და ემორის უნივერსიტეტს (აშშ) შორის 30-წლიანი ურთიერთობის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში საპატიო სტუმრებმა ატლანტიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სამუშაო შეხვედრები, ლექციები და ტრენინგები გამართეს.
2023 წლის 7 მარტს თსსუ-ის სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლექცია: ,,ფილტვისა და კრიტიკული მედიცინის მართვის თანამედროვე საკითხები" წაიკითხა ასოცირებულმა პროფესორმა ერიკ ფლანომ - ატლანტის მორჰაუსის მედიცინის სკოლის ხელმძღვანელის მოადგილემ, გრეიდის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინისა და ფილტვის დიაგნოსტიკური და ინტერვენციული სამსახურის ხელმძღვანელმა. ლექციაზე განხილული იყო საინტერესო შემთხვევები კლინიკური პრაქტიკიდან. ასოცირებულ პროფესორ ფლანოსთან ერთად შემთხვევების განხილვაში მონაწილეობა მიიღო გაბრიელა ოპრეამ - ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პათოლოგიისა და ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორმა.
7 მარტს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ჰემატოლოგიისა და სამედიცინო ონკოლოგიის პროფესორმა მერი ჯო ლეკოვიჩმა თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის გამართა ტრენინგი - „პაციენტთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობა“. ტრენინგის თემა იყო სტუდენტებისთვის ექიმის პაციენტთან კომუნიკაციის სხვადასხვა ასპექტი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაციაზე თარჯიმნის მეშვეობით. როლური თამაშის ფონზე სტუდენტებმა ნახეს, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია ექიმსა და პაციენტს შორის დიაგნოზის დასასმელად და შემდეგ კი - დაავადების მართვის თვალსაზრისით.
9 მარტს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სამედიცინო განათლებისა და სტუდენტურ საქმეთა დეკანის მოადგილე, მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი, ჰემატოლოგიისა და სამედიცინო ონკოლოგიის პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი დუგლას ანდერი და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ემერიტუსი, პროფესორი ჯოელ ფელნერი თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კლინიკური ეტაპის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრის თემა იყო: „კარიერული განვითარება ექიმობის სხვადასხვა ეტაპზე“.
სტუმრებმა სტუდენტებს კარიერული განვითარების სხვადასხვა მხარე გაუზიარეს: ექიმის პროფესიის არჩევიდან რეზიდენტურის გავლით ექიმობამდე. გარდა ამისა, ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კარიერული განვითარებისა და აშშ-ის რეზიდენტურის შესახებ სტუდენტებს ინდივიდუალური რეკომენდაციებიც მისცეს. ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ინიცირებით და თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ადმინისტრაციის მხარდაჭერით აშშ-ის რეზიდენტურისთვის სტუდენტთა ინტერვიუირების პროცესის მოდელირება დაიგეგმა.
9 მარტს პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი და პროფესორი ჯოელ ფელნერი დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორთან, ეკა ეკალაძესთან ერთად სამუშაო გარემოში შეხვდნენ იმ სტუდენტებს, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტში კლინიკური კლერკშიფების გასავლელად. შეხვედრის მიზანი იყო, ერთი მხრივ, მომდევნო წლებში კლერკშიფების უკეთესი დაგეგმვისათვის ამერიკული კლერკშიფების შეფასება თსსუ-ის სტუდენტების მიერ, მეორე მხრივ კი, იმ გზების გამონახვა, რომლითაც მოხდება სტუდენტების მიღებული გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის.
10 მარტს ჩატარდა პროფესორ დუგლას ანდერის ლექცია ,,გადაუდებელი მედიცინის როლი ბუნებრივი კატაკლიზმების დროს“. ლექციას ესწრებოდნენ თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კლინიკური ეტაპის სტუდენტები და ამ მიმართულებით პროგრამაში ჩართული აკადემიური პერსონალი. ლექციაზე განხილულ იქნა უახლეს წარსულში მსოფლიოში მომხდარი ბუნებრივი კატაკლიზმების დროს გადაუდებელი მედიცინის მართვის თანამედროვე პრინციპები, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები.
13 მარტს პროფესორმა გორდონ ჩერჩვორდმა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის I-IV სემესტრის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია: „დროის მენეჯმენტი - მნიშვნელოვანი უნარი სამედიცინო კარიერის წარმატებულად წარსამართად“. პროფესორმა ჩერჩვორდმა დროის მართვის უნარი პროფესიონალიზმის ჭრილში განიხილა და სტუდენტებს მოუწოდა, მუდმივად იმუშაონ ამ მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული დელეგაცია თსსუ-ში საქართველოსა და ემორის უნივერსიტეტს შორის 30-წლიანი ურთიერთობის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდა.