თსსუ საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაციის გამოფენა-კონფერენციაზე

თსსუ საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაციის გამოფენა-კონფერენციაზე

2019 წლის 26-31  მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაციის (NAFSA – national association of international educators) გამოფენა-კონფერენციაზე ვაშინგტონში (აშშ). გამოფენაში მონაწილეობდა 80-მდე ქვეყნის 2000- მდე წარმომადგენელი. მათ შორის  საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებდა  5 სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - ,,ვისწავლოთ საქართველოში“  - ფარგლებში.

"ჩვენი უნივერსიტეტის პროგრამებით დაინტერესებულ პირებს ვესაუბრეთ  ყველა შესაძლებლობაზე, რაც შეიძლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა შესთავაზოს რომელიმე უნივერსიტეტს ან სტუდენტების მოზიდვით დაინტერესებულ პირებს. აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტმა გამოთქვა ჩვენთან კოლაბორაციის სურვილი, როგორც ევროპაში მოქმედი სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, ასევე,მის ფარგლებს გარეთაც. განსაკუთრებით დიდი ინტერესი იყო საექთნო პროგრამების მიმართ. საკმაოდ დიდი ინტერესი იყო აზიის ქვეყნების მხრიდან სტუდენტების მოზიდვის კუთხითაც." - განაცხადა მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ.

გარდა გამოფენაში მონაწილეობისა, სტუდენტთა შესაძლო დასაქმების შესახებ, გაიმართა შეხვედრა  საქართველოს დელეგაციასა და საერთაშორისო განათლების ადმინისტრატორთა ასოციაციას  (AIEA - Association of International Education Administrations) შორის. იმისათვის, რომ საერთაშორისო განათლების ადმინისტრატორთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ პროგრამებში საქართველოს სტუდენტებმა მიიღონ მონაწილეობა, საქართველო უნდა გახდეს ამ ასოციაციის წევრი, საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პროექტზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იმუშავებს.