თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას გერმანულმა აუდიტორულმა კომპანიამ „KTQ - თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობასა და ხარისხში“ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა.
აუდიტორულმა კომპანიამ შეაფასა: თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის მომსახურების ხარისხი, პაციენტებსა და თანამშრომლებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება, კომუნიკაცია, მენეჯმენტი, რისკებისა და ხარისხის მართვა.
შემაჯამებელ შეხვედრაზე აუდიტორებმა პაციენტებზე ორიენტაციის ნაწილი დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება ხორციელდება პროტოკოლის შესაბამისად. თანამშრომლებზე ორიენტაცია და მათი შერჩევა ხდება მათი აკადემიური დონის მიხედვით. შესაბამისად, აუდიტორების შეფასებით, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ჰყავს მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელიც უწყვეტი განათლების მიღებაზეა ორიენტირებული.
უსაფრთხოებასა და რისკების მართვის შესახებ გერმანული აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღფთოვანებულები არიან ეპიდემიოლოგიური ნაწილის კვალიფიციური მენეჯმენტით. აღინიშნა, რომ წამლების და მარაგების სისტემის უწყვეტობა კლინიკას უმაღლეს დონეზე აქვს განვითარებული.
დადებითად შეფასდა ციფრული მედიცინის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მართვის სისტემები. ახლად დანერგილი სისტემა მეტად დახვეწილ ელექტრონულ დოკუმენტ-ბრუნვას გულისხმობს და აუდიტორების შეფასებით, ეს კლინიკის მუშაობის პროცესს მეტად ეფექტურს ხდის.
აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლებმა კლინიკის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალურ დირექტორს, ასოცირებულ პროფესორს ნინო ცხვედიანს. აუდიტორების შეფასებით მან კლინიკის მართვასთან დაკავშირებით ძალიან მცირე დროში გასაოცარ შედეგს მიაღწია.
კომპანიის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკების მართვის გუნდს. „ზუსტად ეს არის ძლიერი მხარე, უნივერსიტეტის ეგიდით მართვის მრავალი კრიტერიუმი ჩაიდო, რამაც ძალიან გაამართლა. ნამდვილად საუნივერსიტეტო დონეზეა ყველაფერი გამართული. გვსურს, ასევე, დიდი მადლობა გადავუხადოთ ქართულ მხარეს საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგვეწონა თქვენი გეგმები და ახლა მთავარია მათი განხორციელება. წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნეს კომპანიის „KTQ - თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობასა და ხარისხში“ წარმომადგენლებმა.