„ქართული ფარმაცია, მეცნიერება და წამალი - ტრადიციების  პატივისცემით  მომავლისაკენ“

„ქართული ფარმაცია, მეცნიერება და წამალი - ტრადიციების პატივისცემით მომავლისაკენ“

25 სექტემბერს,   “მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019-ის” ფარგლებში, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა  ქალაქ თბილისის 47-ე  სკოლის IX-XI  კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ფარმაკოქიმიის  ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება - „ქართული ფარმაცია, მეცნიერება და წამალი – ტრადიციების  პატივისცემით  მომავლისაკენ“ , მიეძღვნა ფარმაციის საერთაშორისო დღეს. 

სკოლის მოსწავლეებს მიესალმა  თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის   ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი ლაშა მსხილაძე,  რომელმაც მადლობა გადაუხადა მათ დაინტერესებისა და სტუმრობისთვის. 

ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა სტუმრებისთვის გამართეს პრეზენტაცია თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ წარმოებული სამკურნალო საშუალებების შესახებ, მიმოიხილეს ინსტიტუტის მოკლე ისტორია,  მისი მისია,   მიზნები და ამოცანები. ინსტიტუტის ძირითადი მიმართულებაა მცენარეული და მინერალური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევა, მათი ქიმიური ბუნების შესწავლა, ფარმაკოლოგიური მოქმედებების დადგენა, ახალი ტექნოლოგიების და ანალიზის მეთოდების შემუშავება და მიღებული შედეგების საფუძველზე სამკურნალო საშუალებების შექმნა.

მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და ფარმაცევტული საქმიანობის დაინტერესებისკენ მოუწოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ქალბატონმა ეთერ ქემერტელიძემ, რომელიც თსსუ-ის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს რამდენიმე ათეული წელი ხელმძღვანელობდა  და  დღესაც  ამ  ინსტიტუტში  მოღვაწეობს. 

შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.  სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ წამლის შექმნის, დამზადების და წარმოების ტექნოლოგიებით, რასთან დაკავშირებითაც პრეზენტაცია წარმოადგინა პირვანდელი კლინიკური კვლევისა და ფარმაკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა კარენ მულკიჯანიანმა.  მან მოსწავლეებს გააცნო სრული ციკლი - ექსპედიციის დროს შეგროვებული ბუნებრივი ნედლეულიდან საბოლოო სამკურნალწამლო საშუალების წარმოებამდე, ანუ გააცნო ის, თუ როგორ ხდება სამკურნალო საშუალებების შექმნა საფუძვლებიდან საბოლოო პროდუქტამდე. 

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ,  ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა მოსწავლეებს  დაათვალიერებინეს  ფარმაკოქიმიის  ინსტიტუტის მუზეუმი, დეპარტამენტები და ლაბორატორიები, სადაც მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობებს უფრო დეტალურად.

იხილეთ სიახლე ნიუპოსტსზე