თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ყოველკვირეულ ლექციებს გერმანელი პროფესორები ამჯერად ადგილზე, ფიზიკური დასწრებით ჩაატარებენ

თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ყოველკვირეულ ლექციებს გერმანელი პროფესორები ამჯერად ადგილზე, ფიზიკური დასწრებით ჩაატარებენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში პედიატრიისა და მოზარდთა მედიცინის გერმანული საზოგადოების პროექტის ფარგლებში თსსუ-ის სტუდენტებისთვის ყოველკვირეული ონლაინ ლექციები იმართება. 

2022 წლის 28 მარტს გერმანელმა პროფესორმა მეინოლფ სუტორფმა  თსსუ-ის სტუდენტებისთვის ჩაატარა ონლაინ ლექცია მწვავე ლეიკემიის ძირითად ასპექტებზე და განიხილა მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები.

პროექტის მიზანია სტუდენტების, ექიმებისა და რეზიდენტების კვალიფიკაციის ამაღლება, გამოცდილების გაზიარება და საქართველოში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ევროპული სტანდარტების გაზიარება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გერმანელი პროფესორები ლექციებს არა ონლაინ, არამედ ადგილზე, ფიზიკური დასწრებით ჩაატარებენ.

ცნობისთვის, აღნიშნული ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და გერმანიის  პედიატრთა და მოზარდთა მედიცინის    ასოციაციას (DGKJ) შორის გაფორმებული თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში 2020 წლიდან ყოველკვირეულად ტარდება. პროექტი მხარდაჭერილია გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

გერმანიის პედიატრთა და მოზარდთა მედიცინის ასოციაცია (The German Society for Paediatrics and Youth DGKJ) პროფესიული საზოგადოებაა,  რომელიც სადღეისოდ 17 000 მაღალი რანგის სპეციალისტს აერთიანებს.