დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის გამოსაშვები ცერემონია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის გამოსაშვები ცერემონია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2022 წლის 9 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის რიგით მეოთხე გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. 

სწავლის დასრულება არის მიღწევა, რომელიც იმსახურებს აღიარებას და წახალისებას. ეს არის მიზეზი იმისა, რომ გამოსაშვები დღე ყოველთვის ყველაზე ამაღელვებელია თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კალენდარში. ყოველ წელს პროგრამა კურსდამთავრებულებთან ერთად გრანდიოზული ცერემონიალით აღნიშნავს სწავლის დასრულებას.

ღონისძიების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი, ფაკულტეტის წარმომადგენლებთან და საპატიო სტუმრებთან ერთად, გამოსაშვები კურსის სტუდენტებს მოსავს სახელობითი ყელსახვევებით, რომელიც წარმოადგენს მედიცინის ხარისხის სიმბოლოს. ეს დღე ყოველთვის სავსეა ბედნიერებითა და სიამაყით.

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის გამოსაშვებ ღონისძიებას თსსუ-ის თეატრალურმა დარბაზმა უმასპინძლა. კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება საგანგებო სიტყვით მიულოცეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, პროგრამის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წარმომადგენლებმა: საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა, ასისტენტ-დეკანმა, პროფესორმა გორდონ ჩერჩვორდმა, პროფესორმა მერი ჯო ლეკოვიჩმა და კლინიკური სწავლების ასოცირებულმა დეკანმა, პროფესორმა ჯოელ ფელნერმა. 

საგანგებოდ ამ გრანდიოზული საღამოს სტუმრებისა და კურსდამთავრებულებისათვის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებმა მუსიკალური ნომერი შეასრულეს: ჯანადი კარავიტა აუდიტორიის წინაშე ვოკალური ნომრით დაინე ტომ თომასისა და დეივ ბიჯის მუსიკალური აკომპანიმენტის თანხლებით წარდგა. 

ღონისძიების მიმდინარეობისას დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია შედგა. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის წელს მადლობის ჯილდო გადაეცა მცირე ჯგუფის მრჩეველთა გუნდს და პროგრამის სტანდარტიზებული პაციენტების ჯგუფს. კურსდამთავრებულთა გადაწყვეტილებით სამაგალითო მასწავლებლის პრიზები გადაეცათ კლინიცისტებს, პროფესორ ირმა ჭოხონელიძესა და პროფესორ ნიკოლოზ კვაჭაძეს, ასევე ჰუმანიტარული საგნების ლექტორს, დოქტორ ლაშა ქურდაშვილს. 

ცერემონიალის დასასრულს გამოსაშვები სემესტრის სტუდენტებმა ჰიპოკრატეს ფიცი დადეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამისა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სახელით წარმატებებს ვუსურვებთ პროგრამის კურსდამთავრებულებს!