თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩოს პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“-ს საპროექტო განაცხადის წერის სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა, რომელიც განკუთვნილი იყო როგორც გამოცდილი და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, ასევე ეროვნული საკონტაქტო პირებისთვის (NCPs).
ღონისძიება ორგანიზებული იყო „ჰორიზონტი ევროპა“-ს საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ, ევროპული კომისიის მხარდაჭერით.
ტრენინგის მიზანი იყო ქართველი მკვლევრებისა და ინოვატორების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება კონკურენტუნარიანი საპროექტო წინადადებების მომზადების მიმართულებით.
ღონისძიება ფოკუსირებული იყო კოლაბორაციულ კვლევით პროექტებზე და მოიცავდა 2026-2027 წლების სამუშაო პროგრამების, დაფინანსების პრიორიტეტებისა და შეფასების კრიტერიუმების სიღრმისეულ ანალიზს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მარი სკლადოვსკა-კიურის (MSCA) პროგრამებსა და მათ ფარგლებში არსებულ საგრანტო შესაძლებლობებს.
ტრენინგი ჩატარდა ინტერაქტიულ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ ფორმატში. მონაწილეებმა იმუშავეს კონკრეტულ საგრანტო პროექტებზე, განიხილეს საპროექტო განაცხადის ძირითადი კომპონენტები, ასევე გაეცნენ ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპებსა და დაფინანსების პრინციპებს.
ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემდეგ საკითხებს:
• საპროექტო განაცხადების შეფასების პროცედურებსა და კრიტერიუმებს;
• საერთაშორისო კვლევითი კონსორციუმის ფორმირების სტრატეგიებს;
• სამუშაო პაკეტებისა და მოსალოდნელი შედეგების ანალიზს;
• ეთიკურ მოთხოვნებსა და დამატებითი დანართების მომზადებას;
• Funding & Tenders პორტალისა და CORDIS პლატფორმის ეფექტიან გამოყენებას.
ტრენინგის მესამე დღეს განიხილეს მარი სკლადოვსკა-კიურის პოსტდოქტორანტურის (MSCA Postdoctoral Fellowships), MSCA Doctoral Networks და ევროპული ინოვაციების საბჭოს (EIC) პროგრამები.
პროექტი მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სივრცეში საქართველოს კვლევითი ეკოსისტემის ინტეგრაციისთვის.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.