IMPACT მისიის წარმომადგენლები თსსუ–ს ეწვივნენ

IMPACT მისიის წარმომადგენლები თსსუ–ს ეწვივნენ

2014 წლის 10 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებითი მისიის (IMPACT მისია - კიბოს თერაპიის სამოქმედო პროგრამის ინტეგრირებული მისია) წარმომადგენლები: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კიბოს თერაპიის სამოქმედო პროგრამის მენეჯერი, ჯგუფის ხელმძღვანელი არსენ იურიკი,  კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) წარმომადგენელი ანტონ რიჟოვი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წარმომდგენელი კატერინა სუვაგეტი, ბირთვული მედიცინის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელი  სერგეი ნაზარენკო ეწვივნენ. 

როგორც ცნობილია, 7-11 ივლისს საქართველოში ხორციელდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებითი მისია.

მისი მიზანია:

  • ქვეყანაში კიბოს კონტროლის მიზნით არსებული რესურსების მრავალმხრივი შეფასება, რაც ითვალისწინებს კიბოს კონტროლის დაგეგმვის, მონაცემთა შეკრების, პრევენციის, ადრეული გამოვლინების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, პალიატიური მზრუნველობის, ტრენინგისა და საზოგადოებრივი მობილიზაციის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შეფასებას.
  • ქვეყანაში რადიაციული მედიცინის, როგორც კიბოს კონტროლის მრავალმხრივი ეროვნული პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტის ეფექტური დანერგვის მიზნით არსებული რესურსებისა და საჭიროებების შეფასება.
  • კიბოს კონტროლის ინტერვენციების განხორციელების მიზნით, შესაბამისი პროექტებისა და დაფინანსების პოტენციური რესურსების გაანალიზება.

მისიის წარმომადგენლები შეხვდნენ თსსუ–ის ვიცე–რექტორს, პროფესორ რიმა ბერიაშვილს, ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ რემა ღვამიჩავას, ასისტენტ–პროფესორ მიხეილ შავდიას და ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის მიმართულების ასისტენტ–პროფესორ ნანა მებონიას. სტუმრები დაინტერესებული იყვნენ თუ როგორი სტრუქტურით ხდებოდა სწავლება თსსუ–ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის ონკოლოგიის მიმართულებით. თსსუ–ის წარმომადგნელებმა მათ ამომწურავი პასუხი გასცეს დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების ყველა ნიუანსის შესახებ. მისიის წარმომადგენლები დიდი ყურადღებით გაეცვნენ თსსუ–ის წარმატებებს აკადემიურ სფეროში.

აღსანიშნავია, რომ თსსუ–ში სტუმრობამდე, მისიის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ონკოლოგიური პროფილის კლინიკებში, დონორ და სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.