„ექთნების და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეული 2026“ თსსუ-ში ოფიციალურად დაიხურა

„ექთნების და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეული 2026“ თსსუ-ში ოფიციალურად დაიხურა

‘’ექთნებისა და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეული 2026“ -ის შემაჯამებელ კონფერენციას, თემაზე -  “პოლიტიკა, ლიდერობა და სისტემური განვითარება”  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

კონფერენციის მიზანი იყო საექთნო და სამეანო საქმიანობის განვითარების აქტუალური საკითხების განხილვა, პროფესიული გამოცდილების გაზიარება და დარგის განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობა.

შემაჯამებელი კონფერენცია ოფიციალურად გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა:

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სიამოვნებით შეუერთდა აღნიშნულ ღონისძიებასა და ინიციატივას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. შეხვედრების ეს ციკლი ეძღვნება უმნიშვნელოვანეს საკითხს — ექთნის პროფესიის პოპულარიზაციას, ექთნების შრომის მხარდაჭერასა და სათანადო დაფასებას“.

კონფერენციის გახსნაზე, ასევე სიტყვით გამოვიდა „ექთანთა გაერთიანების“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ია გელენიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიმართა მისასალმებელი სიტყვით და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ღონისძიების მასპინძლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა პროფესიული ასოციაციებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო საექთნო და სამეანო სფეროს განვითარების აქტუალური საკითხები, მათ შორის პროფესიული ლიდერობის გაძლიერება, განათლებისა და ადამიანური რესურსების განვითარება, ჯანდაცვის სისტემის მართვისა და რეგულირების საკითხები, ასევე მიმდინარე რეფორმები. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს საექთნო და სამეანო პროფესიის განვითარების თანამედროვე გამოწვევებზე, პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, ლიდერული კომპეტენციების გაძლიერებასა და დარგის მდგრადი განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებზე.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ლიდერი ექთნებისა და წარჩინებული სტუდენტების, მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების, დაჯილდოების ცერემონია. 

დასკვნითი ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ „ექთანთა გაერთიანების“ ორგანიზებით გაიმართა.

‘’ექთნებისა და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეული 2026“ -ის ფარგლებში კონფერენციები გაიმართა - მესტიაში, ქ. რუსთავში და ქ. ბათუმში.