საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო კონფერენცია ,,რადიაციული უსაფრთხოების გამოწვევები რადიოლოგიურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში”

საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო კონფერენცია ,,რადიაციული უსაფრთხოების გამოწვევები რადიოლოგიურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში”

10 ნოემბერს მსოფლიოში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში მეცნიერების როლის გაძლიერებას, მისი მნიშვნელობის ხაზგასმას და ინოვაციური სამეცნიერო მიღწევების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებას.

ამ დღესთან დაკავშირებით, 2023 წლის 10 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო კონფერენცია ,,რადიაციული უსაფრთხოების გამოწვევები რადიოლოგიურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში”, რომლის ორგანიზატორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და შპს „იონირება“  არიან, ხოლო  მხარდამჭერები: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო;  საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია; საქართველოს რადიოლოგთა  ასოციაცია; თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა;  საქართველოს რადიაციული უსაფრთხოების ასოციაცია; საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცია.

ღონისძიება გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რენტგენოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გრიგოლ ნემსაძე; ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  პროფესორი მალხაზ მიზანდარი;  რადიოლოგიის ასოციაციის წარმომადგენელი მიხეილ ბარამია, ნეიროქირურგთა ასოციაციის წარმომადგენელი მირზა ხინიკაძე, ექიმი-რადიოლოგი, რადიაციული უსაფრთხოების ექსპერტი ირაკლი თორთლაძე.

კონფერენცია უკვე  მეოთხე წელია ტარდება და ის ტრადიციულად ეძღვნება სამედიცინო სექტორში არსებულ რადიაციული უსაფრთხოების გამოწვევებს. აღსანიშნავია, რომ მედიცინის განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებით XXI საუკუნეში, ყოველწლიურად მზარდია რენტგენის სხივთან და ბირთვულ მედიცინასთან დაკავშირებული სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო პროცედურების სიხშირე, რაც, შესაბამისად, ზრდის საჭიროებას, პერსონალმა იცოდეს პროცედურების მართებულად გამოყენების მნიშვნელობა, რათა დაცულ იქნეს ბირთვულ და რადიაციულ სფეროში უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები. 

კონფერენცია განკუთვნილია რადიოლოგიის,  კლინიკური ონკოლოგიის,  ნეიროქირურგიის და  ზოგადი ქირურგიის მიმართულებით მოღვაწე და აღნიშნული დარგებით დაინტერესებული პირებისათვის. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ორი დღე გაგრძელდება.