2022 წლის 1-2 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ქართული მეცნიერული ფარმაცია: წარსული და აწმყო “, რომელიც თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დაარსების 90 წლისთავსა და აკადემიკოს იოველ ქუთათელაძის 135 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერთა და ახალგაზრდა ფარმაცევტთა ასოციაცია.
ღონისძიება გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა მსხილაძემ, რომელმაც აღნიშნა: „საქართველო მედიცინის, ფარმაციის და წამალთმცოდნეობის უძველესი კულტურის ქვეყანაა და სწორედ აღნიშნული ტრადიციის დასტურსა და გაგრძელებას წარმოადგენს დღევანდელი ღონისძიება“.
ასოცირებული პროფესორის ლაშა მსხილაძის თქმით, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი 90 წლიანი ისტორიით, ქვეყნის და რეგიონის ლიდერია ბუნებრივი რესურსების კვლევაში, რასაც მოწმობს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო აღიარება. აქ განხორციელებული ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებით შემუშავებულია სხვადასხვა დანიშნულების ორიგინალური პრეპარატი, კოსმეტიკური პროდუქტი, ქიმიური რეაქტივი, მცენარის ზრდა-განვითარების სტიმულატორი.
,,კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტმა შეკრიბა მეცნიერთა ჯგუფი ევროპისა და აზის ქვეყნებიდან, რათა მათ წარმოადგინონ და გაუზიარონ ერთმანეთს უახლესი მიღწევები მეცნიერების ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ფარმაკოგნოზია, ფიტოქიმია, ფარმაცევტული ქიმია, ფარმაცევტული ტექნოლოგია, ფარმაცევტული ანალიზი და სტანდარტიზაციის მეთოდები, ფარმაკოეკონომიკა, ფარმაცევტული მენეჯმენტი და მარკეტინგი, ფარმაკოლოგია, კლინიკური ფარმაცია, ბიოფარმაცია, ბიოაქტიური ნაერთების ქიმია და სინთეზი”- აღნიშნა ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა მსხილაძემ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საორგანიზაციო კომიტეტის საპატიო თავმჯდომარემ, თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.
პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას განცხადებით, ფარმაციის, როგორც მეცნიერების დარგის, განვითარება საქართველოში აკადემიკოს იოველ ქუთათელაძის სახელთან და დამსახურებასთან, იმ ინსტიტუციებსა თუ მეცნიერთა ჯგუფებთანაა ასოცირებული, რომელთაც იგი ხელმძღვანელობდა.
,,ჩემთვის, როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორისთვის, პროფესორისთვის, ყველაზე ღირებულია ფარმაციის სამეცნიერო სკოლა, რომლის სათავეშიც იდგა აკადემიკოსი იოველ ქუთათელაძე. ჩვენ მოხარული ვართ, რომ 2010 წლიდან იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი მისი მშობლიური უნივერსიტეტის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური სივრცის წევრია.
ჩვენ კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ საქართველოში მედიცინის და ფარმაციის დარგების განვითარებისათვის. ჩვენი ძალა ერთობაში, შრომასა და ურთიერთპატივისცემაშია“ - ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.
შეკრებილ საზოგადოებას, ასევე, სიტყვით მიმართეს: თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკოლოზ გონგაძემ; თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა სტეროიდული შენაერთების მიმართულებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, ქალბატომა ეთერ ქემერტელიძემ და აკადემიკოს იოველ ქუთათელაძის შვილიშვილმა ელიკო ქუთათელაძემ.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, მეცნიერები და დოქტორანტები.
სტუმრებს შორის იყვნენ მეცნიერები, თსსუ-ის დიდი ხნის პარტნიორები, ევროპისა და აზიის ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტებიდან: თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ათინა გერონიკაკი - არისტოტელეს უნივერსიტეტი (საბერძნეთი); პროფესორი გარი გელერმანი და პროფესორი ლეონიდ პატსეკერი - არიელის უნივერსიტეტი (ისრაელი); პროფესორი არიელ გრუზმანი, ბარ-ილანის უნივერსიტეტი (ისრაელი); პროფესორი ვლადიმერ იოფე, ფარმაცევტული კომპანია ტევას ექსპერტი (ისრაელი); პროფესორი გერჰარდ სკრიბა, ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი (გერმანია); პროფესორი ნარინე დურგარიანი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი); დოქტორი სამუელ სირაკიანი, სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის სამეცნიერო ნაწილი მოხსენებებისა და პოსტერული პრეზენტაციების გარდა, მოიცავდა ახალგაზრდა მკვლევართა ფორუმს და მასტერ კლასს - „ანალიტიკური გამოწვევები წამლის შემუშავებაში: ორთოგონალური ქრომატოგრაფიული მეთოდების საჭიროება“.