სამედიცინო განათლების საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი თსსუ-ში

სამედიცინო განათლების საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი თსსუ-ში

2024 წლის 22-24 აპრილს, კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსში გამარჯვებული და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის "OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სამედიცინო განათლების საერთაშორისო ექსპერტები პროფესორი დევიდ ტეილორი და პროფესორი ტრევორ გიბსი ეწვივნენ.

კონკურსი მიზნად ისახავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარებას, აკადემიური პროგრამების, სასწავლო გარემოს მოდერნიზებას და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებას. 

პროექტი ერთობლივად ხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის მიერ. OSTE (Objective Structured Teaching Encounter - ობიექტურად სტრუქტურირებული სწავლების შეფასება) წარმოადგენს პედაგოგის სწავლების კომპეტენციის შეფასების ინოვაციურ მეთოდს და ხელს უწყობს აღნიშნული უნარის გაუმჯობესებას სტუდენტისა და დამკვირველებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად.

თსსუ-ში ვიზიტისას სამედიცინო განათლების საერთაშორისო ექსპერტები შეხვდნენ თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს; კანცლერს, ბატონ ალექსანდრე ბუაჩიძეს; ვიცე-რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, პროფესორ რუსუდან რუხაძეს; პროექტის განმახორციელებლებს: პროექტის მენეჯერს - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, პროფესორ ხათუნა თოდაძეს; პროექტის ადგილობრივ ექსპერტებს - აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ გაიანე სიმონიას; მის მოადგილეს - სალომე ვორონოვს; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორებს - გიორგი გაბისონიას და შორენა ტუკვაძეს, აგრეთვე, თსსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.  

ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარება წინასწარ შემუშავებული სცენარების მიხედვით. სხვადასხვა შინაარსის სცენარები ითვალისწინებდა სიმულირებულ გარემოში მასწავლებლის, სტუდენტის, პაციენტის, დამკვირვებლების მონაწილეობას და მათი კომუნიკაციის ანალიზის შედეგად, მასწავლებლის სწავლების უნარის შეფასებას.

ტრენინგები წარმატებით ჩატარდა თსსუ-ის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტში.