Jules Allemand Trophy - სტუდენტთა საერთაშორისო ჩემპიონატი კბილთა რესტავრაციაში - თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის  წარმატება

Jules Allemand Trophy - სტუდენტთა საერთაშორისო ჩემპიონატი კბილთა რესტავრაციაში - თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის წარმატება

   
   

დაახლოებით ორი წლის წინ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ოდონტოლოგიის დეპარტამენტი ჩაერთო სტუდენტთა საერთაშორისო ჩემპიონატში - Jules Allemand Trophy. ეს არის სტუდენტთა საერთაშორისო ჩემპიონატი, რომელიც 2004 წელს დაარსდა. ჩემპიონატს სახელი კომპანია Micerium S.p.A. -ს დამფუძნებლის Jules Allemand -ის საპატივსაცემოდ ეწოდა.

Jules Allemand Trophy -ს ჩემპიონატში 18 ქვეყანა (საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, პორტუგალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, რუსეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უნგრეთი, უკრაინა, ბულგარეთი, ჰოლანდია, დანია, იტალია და საქართველო) და 50-ზე მეტი უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩემპიონატის ორგანიზება, სტუდენტთა სელექცია, ჩემპიონატის ლოჯისტიკური პრობლემების გადაჭრა, სტუდენთა ტრენინგები და მასტერ-კლასები  დაევალა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს ნინო კორსანტიას. გამარჯვებული სტუდენტი დავით ბაბუნიძე და ქალბატონი ნინო ივნისის დასაწყისში იტალიაში გაემგზავრნენ. წელსაც, როგორც 2015 წელს (გამარჯვებული სტუდენტი იყო თათია ალადაშვილი) საქართველომ საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.

კონკურსში მონაწილეს და  მის მწვრთნელს სერტიფიკატები გადასცა პროფესორმა D'Arcangelo-მ, რის შემდეგაც საქართველოს წარმომადგენლებმა Jules Allemand Trophy -ის ჩემპიონატის ბანერზე ავტოგრაფები დატოვეს.

იტალიიდან დაბურნებულმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნინო კორსანტიამ აღნიშნა:             

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან საქმეში: თსსუ-ის ხელმძღვანელობას, დეპარტამენტის ხელმძღვანელს - პროფესორ მარინა მამალაძეს, ასოცირებულ პროფესორებს - ნინო ჭიპაშვილს, ლია სანოძეს, ნათია ნიჟარაძეს, ასისტენტ-პროფესორ მაია შანიძეს, ლაბორანტ - ნინო სვანიშვილს და მოწვეული მასწავლებლებს: ბექა გოგინაშვილსა და ეკატერინე ბეშკენაძეს.

ჩვენ გავაანალიზეთ ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი დეპარტამენტის და ქართველი ჩემპიონების კბილთა რესტავრაციაში მომზადების დონე არაფრით ჩამოუვარდება და გარკვეულწილად სჯობს კიდეც ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების სტომატოლოგიური სკოლების კურსდამთავრებულების შესაძლებლობებს, ჩვენ მხოლოდ ჩვენი დეპარტამენტის სახელით შეგვიძლია ვისაუბროთ და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტს გააჩნია აკადემიური და მატერიალური რესურსი იმისთვის, რომ თუ სტუდენტს ამის სურვილი აქვს, ის ნამდვილად მიიღებს ევროპულ განათლებას. იმედია ამას, მომავალ წლებში ჩვენი შედეგით დავამტკიცებთ“.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულ სტუდენტს, დავით ბაბუნიძეს, მის მწვრთნელს, ასოცირებულ პროფესორ ნინო კორსანტიას და თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.