24 მარტს -  ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება

24 მარტს - ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება

ყოველწლიურად, 24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი დაავადებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება და სტიგმის დაძლევაა.

ტუბერკულოზი ეპიდემიის სახით მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის ქმნის სერიოზულ საფრთხეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ყოვლწლიურად  გლობალურად 10 მილიონი ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით. განსაკუთრებულ საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის წარმოადგენს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი MDR-TB. მსოფლიო მასშტაბით 2019 წელს დარეგისტრირდა 465,000 შემთხვევა.

2000 წლის შემდეგ ტუბერკულოზის დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგად შესაძლებელი გახდა 63 მილიონი ადამიანის გადარჩენა, სწორედ ამიტომ 2021 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის სლოგანი - „დრო არ ითმენს“ - ყურადღებას ამახვილებს, რომ გლობალური ლიდერების მიერ ტუბერკულოზის შეწყვეტის ვალდებულებების შესასრულებლად ცოტა დრო დარჩა.

ამ თარიღთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის აღსანიშნავია მსვლელობა, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების, ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეზიდენტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და წითელი ჯვრის მოხალისეებიის ინიციატივით გაიმართა. მსვლელობა მეტრო რუსთაველიდან - მეტრო თავისუფლების მიმართულებით მოეწყო, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა გაავრცელეს საინფორმაციო მასალები.

ამავე დღეს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტების და რეზიდენტების მიერ  ხეების დარგვის ღონისძიება გაიმართა.