გაიოზ ვასაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

გაიოზ ვასაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

2019 წლის 5 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ღვაწლმოსილი მეცნიერის გაიოზ ვასაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, ბატონ გაიოზს წელს 90 წელი შეუსრულდებოდა.

ღონისძიება გახსნა და საზოგადოებას მიესალმა, საღამოს იდეის ავტორი თსსუ-ის ემერიტუსი ალექსანდრე ციბაძე. ბატონი გაიოზი გაიხსენეს მისმა კოლეგებმა, მოსწავლეებმა და ოჯახის ახლობლებმა.

ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ბატონი გაიოზის მოღვაწეობის და ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპებს მოიცავდა. 

გაიოზ ვასაძე დაიბადა 1928 წლის 14 მაისს, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის V კურსის სტუდენტი, სასწავლებლად გადავიდა ლენინგრადის სამხედრო- სამედიცინო აკადემიაში, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ,  სამი წელი მსახურობდა კუიბიშევის (დღევანდელი სამარის) ოლქში სამხედრო პოლკის ექიმად, ამასთანავე სამეცნიერო და პედაგოგიური  საქმიანობა გააგრძელა პათოლოგიური ფიზიოლოგიის  კათედრაზე. 1958 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, სადოქტორო დისერტაციის თემაც დამტკიცებული ჰქონდა და  ყველანაირი პირობაც _ შემდგომი პროფესიული ზრდისა, მაგრამ ბატონ გაიოზს გულმა სამშობლოსკენ გამოუწია. 1960 წელს ბრუნდება თბილისში და მუშაობას იწყებს პროფესორ იოსებ ჟორდანიას მიერ შექმნილ ქალთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული ქირურგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელად.

1961-63 წლებში გაიოზ ვასაძე ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა, სადაც ჩამოაყალიბა ექსპერიმენტული პათოლოგიისა და სამედიცინო რადიოელექტრონიკის ლაბორატორია; 1963 წელს  დაასრულა სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობა, რომელიც ტრავმული შოკის განვითარების მექანიზმებს ეხებოდა  და პროფესორის წოდება მიენიჭა.

გაიოზ ვასაძე გახლდათ საქართველოში სამედიცინო კიბერნეტიკისა და სამედიცინო ინფორმატიკის ფუძემდებელი.

1963-71 წლებში დაინიშნა ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის სამედიცინო კიბერნეტიკის განყოფილების გამგედ და სამეცნიერო დარგში ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. 1978-94 წლებში სათავეში ედგა საქართველოს ინფორმატიკისა და კომპლექსური ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. 1985 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მისი ინიციატივით, გაიხსა სამედიცინო კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის კათედრა, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა 1992 წლამდე. ამ კათედრაზე ეუფლება მომავალი ექიმი ცოდნას ინფორმატიკისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ. 

გ. ვასაძე თანამშრომლობდა ჰუმბოლტის უნივერსიტეტის (შარიტე, ბერლინი) მეცნიერებთან. ერთობლივი კვლევა ეხებოდა სისტემურ-ანალიტიკური ფსიქოფიზიოლოგიური გამოკვლევების მეთოდს, რომლებიც გამოქვეყნდა უცხოურ პრესაში და დიდი აღიარებაც მოიპოვა.

Bბატონი გაიოზი წლების განმავლობაში გახლდათ საქართველოს სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი, პრეზიდიუმის მდივანი და ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს სამედიცინო ინფორმატიკისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის ასოციაციის პრეზიდენტი. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული სამედიცინო მეცნიერების წინაშე. 6 მონოგრაფიის, 340-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის დაჯილდოებული იყო არაერთი მედლით და ორდენით.