სახელმძღვანელოს  - ოფთალმოლოგიის საფუძვლები - პრეზენტაცია

სახელმძღვანელოს - ოფთალმოლოგიის საფუძვლები - პრეზენტაცია

2023 წლის 2 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შედგა თსსუ-ის ემერიტუსის მერაბ დვალის სახელმძღვანელოს - „ოფთალმოლოგიის საფუძვლები“ პრეზენტაცია. წიგნი რეკომენდებულია თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ (03.11.22, ოქმი N24/2) და განკუთვნილია  სტუდენტი-მედიკოსებისთვის, რეზიდენტებისა და ოფთალმოლოგებისთვის. 

პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. თსსუ-ის ემერიტუსის მერაბ დვალის წიგნი მაღალრეზონანსული აღმოჩნდა როგორც პროფესიონალებისთვის, ისე სტუდენტებისთვის.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას შეფასებით, თსსუ-ის ემერიტუსის მერაბ დვალის სახელმძღვანელოს - „ოფთალმოლოგიის საფუძვლების“ წარდგენის დღე სამედიცინო საზოგადოებისთვის ისტორიული გახლდათ:

„თითქმის 4 ათეული წელია, ქართულ ენაზე, ამ მიმართულებით, არ გამოცემულა არცერთი სახელმძღვანელო, არადა, ამის საჭიროება ნამდვილად იყო. ოფთალმოლოგია ძალიან სწრაფად განვითარებადი და პროგრესული დარგია და ყველა სიახლე რაც ამ მიმართულებით ხდება საჭიროა აღინუსხოს და სპეციალისტთა ფართო წრისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, თუ ვინ ქმნის და ადგენს სახელმძღვანელოს. მსგავსი გამოცდილების მქონე პროფესორს, როგორიც ბატონი მერაბია, არ გაუჭირდებოდა სათქმელი ასე გასაგებად, მარტივად გადმოეცა, ამასთან, მკითხველისთვის მიეწოდებინა მრავალფეროვანი საილუსტრაციო მასალა საკუთარი მდიდარი კლინიკური გამოცდილებიდან“.

ახალი სახელმძღვანელო შეაფასეს: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრმა, ბატონმა ვლადიმერ კახაძემ; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ირინე კვაჭაძემ; წიგნის რედაქტორმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, ეთერ მშვიდობაძემ; სახელმძღვანელოს ერთ-ერთმა რეცენზენტმა, პროფესორმა ივა ბერაძემ;  წიგნის რედაქტორმა და კლინიკა - „ახალი მზერის“ გენერალური დირექტორის თანაშემწემ, ლიკა ჟორჟიკაშვილმა; თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ზაზა ბოხუამ; კოლეგებმა ბაქოდან: აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჩინგიზ ჯარულაზადემ და აზერბაიჯანის ოფთალმოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო მიმართულებით, პროფესორმა იჯრან ნამაზოვამ და სხვებმა.

აღინიშნა, რომ ოფთალმოლოგიის შესწავლის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, მშობლიურ ენაზე გაეცნოს პროფესიულ ლიტერატურას, მით უმეტეს, სახელმძღვანელოს და თანაც ასეთი დიდი პროფესიული ავტორიტეტის მქონე ავტორის წიგნს, როგორიცაა თსსუ-ის ემერიტუსის მერაბ დვალის „ოფთალმოლოგიის საფუძვლები“.