თსსუ-ს გერმანიის გიოტინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ინფორმატიკის პროფესორი ოტო რინჰოფი ეწვია

თსსუ-ს გერმანიის გიოტინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ინფორმატიკის პროფესორი ოტო რინჰოფი ეწვია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გერმანიის გიოტინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ინფორმატიკის პროფესორი ოტო რინჰოფი (Otto Rienhoff) ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თსსუ-ის რექტორთან, პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან და თსსუ-ის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან. შეხვერდის მთავარი თემები სამედიცინო განათლების თანამედროვე მიდგომები, დარგში არსებული გამოწვევები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები იყო. შეხვედრაზე იმსჯელეს სამედიცინო განათლების მოდერნიზაციის აუცილებლობაზე, პროფესიული კომპეტენციების უწყვეტი განვითარების მნიშვნელობასა და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ტექნოლოგიური ცვლილებების გათვალისწინებით ახალი პროფესიული მიმართულებების ჩამოყალიბებაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას მედიცინაში, მის შესაძლებლობებსა და მნიშვნელობას როგორც კლინიკური პრაქტიკის, ისე სამედიცინო განათლებისა და პროფესიული მომზადების პროცესში.

ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი და გიოტინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ინფორმატიკის პროფესორი ოტო რინჰოფი შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, რაც ხელს შეუწყობს სამომავლო აკადემიური პარტნიორობის გაღრმავებას. კერძოდ, სამედიცინო განათლების განახლებისა და მოდერნიზაციის მიმართულებით ერთობლივი საკითხების განხილვას, გამოცდილების გაზიარებას, შესაბამისი ინიციატივების დაგეგმვასა და განხორციელებას.

შეხვედრას ესწრებდონენ თსსუ-ის რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი  ირინა კაპეტივაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია, პროფესორი რამაზ შენგელია,  Erasmus+ ინსტიტუციური კოორდინატორი ნინო კანდელაკი და ასისტენტ პროფესორი ნიკოლოზ ვაჩაძე.