პროფესორ რემა ღვამიჩავას  ვიზიტი რუმინეთში

პროფესორ რემა ღვამიჩავას ვიზიტი რუმინეთში

2023 წლის 11-14 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რემა ღვამიჩავა ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში (რუმინეთი).

ვიზიტის მიზანი იყო ონკოლოგიის ინსტიტუტისა და კიბოს სკრინინგის რეგიონული ცენტრის მონახულება, მათი საქმიანობის გაცნობა და ერთობლივი პროექტების  დაგეგმვა.  

,,მივლინების პერიოდში ჩატარდა შეხვედრები კლუჟ-ნაპოკას ონკოლოგიის ინსტიტუტის  დირექტორთან, პროფესორ კატალინ ვლადთან და პროფესორ კატრიკუ კადარიუსთან, რომელიც რუმინეთის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრია. ვიზიტისას გავეცანი ონკოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური და სამეცნიერო მუშაობის მნიშვნელოვან ასპექტებს. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მხრიდან გამოითქვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების სურვილი.  განხილული იქნა საქართველოში 2024 წელს ონკოლოგიის საკითხებზე ქართულ- რუმინული ერთობლივი კონფერენციის ჩატარებისა  და რეზიდენტებისა და ექიმების მოკლევადიანი სტაჟირების საკითხები“, - განაცხადა  პროფესორმა რემა ღვამიჩავამ.

ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში პროფესორი რემა ღვამიჩავა, ასევე, შეხვდა კობოს რეგისტრის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელს, დანიელა კობზას, რომელთან ერთადაც  დაისახა ერთობლივი მუშაობის გეგმა კიბოს რეგისტრის მიმართულებით.

,,ცალკე აღნიშვნის ღირსია, შეხვედრა კლუჟ-ნაპოკას კიბოს სკრინინგის რეგიონულ ცენტრში, სადაც ვესაუბრე ლუციანა ნაემტიუს, რომელიც გახლავთ ევროკავშირის პროექტის ,,რუმინეთში ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის შესაძლებლობების გაზრდა“ კოორდინატორი.  შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა  მარიუს მიჰაი პოპესკუ - რუმინეთის ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკის და ადრეული მკურნალობის რეგიონული პროგრამის კოორდინატორი. შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი, ერთობლივი პროექტების განხორციელების  შესაძლებლობები. მივლინების პერიოდში ჩატარებულ ყველა შეხვედრას ესწრებოდა რუმინეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, რომელმაც მხარეებს დაუდასტურა, რომ საქართველოს საელჩო რუმინეთში გააგრძელებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორული პროექტების ადგილზე მხარდაჭერას“- აღნიშნა პროფესორმა რემა ღვამიჩავამ.