თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლაში საგრანტო პროექტი ,,CARE/ZRUNVA” განხორციელდება

თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლაში საგრანტო პროექტი ,,CARE/ZRUNVA” განხორციელდება

ემორი-საქართველოს სუფთა ჰაერის კვლევით-საგანმანათლებლო პროექტ ,,CARE/ZRUNVA”-ს ფარგლებში, 2019 წლის 8-9 ოქტომბერს ქალაქ თელავში  გაიმართა გასვლითი სხდომა. ღონისძიების მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გარემოს ეროვნული სააგენტოს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

პროექტი  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის და ემორის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების (პროექტი #49777-NCDC) ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში არაგადამდებ დაავადებებთან და გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარების შესაძლებლობების განვითარებას ტრენინგის, სწავლების და პრაქტიკის გზით. პროექტის განხორციელება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის ბაზაზეა დაგეგმილი.

პროექტი ,,CARE/ZRUNVA” ითვალისწინებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის 3 მაგისტრანტის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის 3 დოქტორანტის დაფინანსებას და მათ სწავლებას ემორისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, სადაც ისინი გარკვეულ მოდულებს გაივლიან. 

ქალაქ თელავში გამართული გასვლითი სხდომა გახსნეს და პროექტის მიზნებზე ისაუბრეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ლელა სტურუამ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა, პროფესორმა ლევან ბარამიძემ, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტი ასოცირებულმა პროფესორმა, თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ქალბატონმა  ნინო კილაძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევის ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, თსსუ-ის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გივი ჯავაშვილმა.

შეხვედრაზე, პროექტის განმახორციელებელმა საერთაშორისო სპეციალისტებმა წარადგინეს შემდეგი ონლაინ მოხსენებები:

პროგრამების Fogarty&CARE/ZRUNVA მიმოხილვა - კარლა ბერგი (ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ);

ემორი/ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევითი შესაძლებლობები - კარმენ მარსიტი (ემორის უნივერსიტეტი, აშშ);

2020-2021 წლების სასწავლო აქტივობების მიმოხილვა - კარლა ბერგი;

სამეცნიერო ნაშრომისა და გრანტის წერა - კარლა ბერგი;

გარემოს ჯანმრთელობა - მაიკლ კოდლე (ემორის უნივერსიტეტი, აშშ).

ღონისძიების ფარგლებში, ქართულმა მხარემ უცხოელ მენტორებს წარუდგინა პროგრამის აპლიკანტები - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის სამი მაგისტრანტი: ანა ყურაშვილი, რევაზ რევაზიშვილი და თეონა ხარატიშვილი, რომლებიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გავლილი გასაუბრების შედეგად იქნენ შერჩეულნი.

ორმხრივ შეხვედრაზე,  ერთობლივი სადოქტორო პროგრამაში ჩართვის მსურველმა კანდიდატებმა: ანა დეკანოსიძემ, თინათინ მამაცაშვილმა და თამარ ქაშიბაძემ წარადგინეს მოხსენებები სავარაუდო კვლევის პროტოკოლის შესახებ. 

ღონისძიებაზე დაისახა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.