ყატარის დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ყატარის დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ყატარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტროს (Ministry of Public Health) დელეგაცია: ჯანდაცვის სპეციალობების დეპარტამენტის კოლსულტანტი აბდულრაზ ალკუბაისი, ჯანდაცვის სპეციალობების დეპარტამენტის კონსულტანტი აიშა საედი, აკრედიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალანოუდ ალ მარი,  აკრედიტაციის დეპარტამენტის კოორდინატორი მუნირა ალი ჰამად აბდულაჰი და ჯანდაცვის სამინისტორს ჰამადის სამედიცინო კორპორაციის  საექთნო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ალ მუტავა. სტუმრებს ახლდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის თანამშრომელი თეონა ვარძელაშვილი.

შეხვედრა შედგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასთან. ასევე, შეხვედრას დაესწრნენ თსსუ-ის ვიცე-რექტორები, პროფესორები: ხათუნა თოდაძე და რიმა ბერიაშვილი; ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია; საექთნო პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა; მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია და რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე. 

ყატარის დელეგაციამ დიდი ინტერესი გამოხატა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ, განიხილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ყატარის სტუდენტთა განათლების შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკითხები. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ეს ინიციატივა წარმატებით განხორციელდება.

შეხვედრის შემდეგ ყატარის დელეგაციამ დაათვალიერა თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტი, სადაც პროფესორმა ირმა მანჯავიძემ დეტალურად გააცნო მათ ინფორმაცია თსსუ-ში დანერგილი მაღალი სტანდარტის სწავლების შესახებ. ყატარის დელეგაციამ გამოხატა დიდი მოწონება და კიდევ ერთხელ დაადასტურა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი.