2021 წლის 24 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის „ღია კარის დღე“ გამართა. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შეხვედრა დისტანციურად, ონლაინ-პლატფორმა Zoom-ით ჩატარდა. ღონისძიება 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და აბიტურიენტთა მაღალი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩეოდა.
აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების ქართულენოვანი და უცხოენოვანი პროგრამების, ასევე დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამისა და საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამების შესახებ. თსსუ-ის რექტორი და თითოეული ფაკულტეტის დეკანი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრნენ აკადემიური პროცესის, ფაკულტეტებზე ჩარიცხვის მოთხოვნებისა და სხვა საჭირო პროცედურების შესახებ. ღონისძიებაზე ასევე, წარმოდგენილი იყო სიახლეები საერთაშორისო ურთიერთობებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.
აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ელექტრონულ ფოსტაზე ერთი თვის განმავლობაში წინასწარ გამოეგზავნათ ან ღია კარის დღის მსვლელობისას კომენტარის სახით დაეტოვებინათ მათთვის საინტერესო კითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელ ქალბატონ მაია გაბუნიასგან.
შეხვედრის ბოლოს საზოგადოებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მიმართა, მან ისაუბრა ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომლებსაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს, როგორც განათლების, ასევე ჯანსაღი და შემოქმედებითი გარემოს შექმნის მიმართულებით. რექტორმა აღნიშნა: ,,უკანასკნელი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგები ცხადყოფს, ჩვენი უნივერსიტეტის მიერ დაწესებული უპრეცენდენტოდ მაღალი საგამოცდო ბარიერის მიუხედავად, - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დღესაც, ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელია საქართველოში“.
პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა აბიტურიენტებს იმ დიდი ინტერესისთვის, რომელიც შეხვედრის მიმდინარეობისას გამოიჩინეს და წარმატება უსურვა მათ.