ღია კარის დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ღია კარის დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2022 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდა. 

აღნიშნული დღისთვის, უნივერსიტეტში საგანგებო სივრცეები მოეწყო, სადაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფაკულტეტების, საუნივერსიტეტო კლინიკების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების,  ცენტრების და სტუდენტური თვითმმართველობის მიერ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ინტერაქტიურ-შემეცნებითი აქტივობა,  რამაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

ღია კარის დღეზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორისთვის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასთვის. რექტორმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა აუდიტორიას თსსუ-ში სწავლების  ინოვაციურ მეთოდებზე, ტრადიციულ და ამავდროულად  მოდერნიზებულ სამედიცინო განათლებაზე, რომლის მაღალი სტანდარტებიც არაერთხელ აღინიშნა ავტორიტეტული საერთაშორისო  ექსპერტების მიერ. მსოფლიოში ფართოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემით მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესი და  საკუთარი მაღალტექნოლოგიური კლინიკების ქსელი (3 მრავალპროფილიანი და 3 სტომატოლოგიური კლინიკა) - ეს ის ბაზისია, რომელიც თსსუ-ში სწავლის მსურველებს შეუძლიათ  წარმატებული კარიერული მომავალის საძირკველად აქციონ. მათთვის თავდაჯერებულობის შეძენისა და პროფესიული ზრდის კიდევ ერთი საშუალება მოკლე და გრძელვადიანი საერთაშორისო მობილობის პროგრამებია  (ERASMUS+,  HORIZON,  MEVLANA ...)  განათლების  დიპლომამდელ,  დიპლომისშემდგომ,   სამაგისტრო და სადოქტორო  საფეხურებზე; თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, აღნიშნა ისიც, რომ თსსუ-ის  წარმატებული აკადემიური პროცესი ასახულია საერთაშორისო სტუდენტების რიცხვში, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. დღესდღეობით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდების არჩევანია მსოფლიოს 81 ქვეყნიდან.

სტუმრებს, ინტერაქტიულ რეჟიმში, საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები, რომლებსაც უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა  მაია გაბუნიამ უპასუხეს.