ღია კარის დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - 2023

ღია კარის დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - 2023

2023 წლის 3 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა.  

ღია კარის დღის ფარგლებში,  უნივერსიტეტში საგანგებო სივრცეები მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო მედიცინის, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები,  დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული  პროგრამა და საექთნო საქმის  და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამები.

ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკული და ინტერაქტიული აქტივობით, რომელთაც უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან და საუნივერსიტეტო ცენტრებთან ერთად თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, თსსუ-ის ვლ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი,  თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტური ორგანიზაციები ახორციელებდნენ.

ღია კარის დღეზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორისთვის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასთვის. რექტორმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა აუდიტორიას უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესებთან, ტრადიციულ და ამავდროულად  მოდერნიზებულ სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებით, რომლის მაღალი სტანდარტებიც არაერთხელ აღინიშნა ავტორიტეტული საერთაშორისო  ექსპერტების მიერ. თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ასევე, უკვე დასრულებულ და მიმდინარე  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე და სტუდენტურ ცხოვრებაზე ისაუბრა. 

სტუმრებს, ინტერაქტიულ რეჟიმში, საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები, რომლებსაც უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ და  ფაკულტეტების დეკანებმა უპასუხეს.